fbpx

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას რეგიონში, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ


საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას რეგიონში, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალივთან ერთად მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მათ შეხვედრაზე კავკასიის რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

„ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორისო უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას, მშვიდობიანი პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით ეს დაეხმარება. მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ.

ბატონო პრეზიდენტო, ასევე მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო მექანიზმის შექმნის შესახებ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილჰამ ალიევის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება