როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“ ,არამედ, გახარიას პარტიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი.
„მტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საკმაოდ უცნაური ინფორმაცია მოდიოდა, მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, საათობრივად ხდება ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, სამი საათის მერე ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაცმოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და სამი საათის მერე მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებდნენ, რომ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიის ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ, ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ, გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა. . აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას გადაალახინეს ხელოვნურად ბარიერი“, განაცხადა პრემიერმა.