მთელი რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ყველაფერ ქართულს, ყველანაირ ქართულ, ეროვნულ წამოწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტს ეხებოდა „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის თქმით, არის ძალიან საშიში ტენდენციები სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით.
„ეს ტენდენციები პირდაპირ აისახება შემაშფოთებელ სტატისტიკაზე და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ამის გამეორება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა ჩვენი ტრადიციული ფასეულობების დაცვა. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო არავის პირადი ცხოვრება და ვერავის პირად ცხოვრებაში ვერ შევიჭრებით, მათ შორის, ვერც გავკიცხავთ ვერავის საკუთარი ცხოვრების წესის გამო. ეს არ არის არც სახელმწიფოს, არც ხელისუფლების და არც პოლიტიკოსების ფუნქცია, პირიქით, ჩვენ ვიწონებთ თავს სწორედ იმით, რომ აბსოლუტურად თავისუფალია ადამიანი, მათ შორის, თავის პირად ცხოვრებაში. მაგრამ, ამასთან ერთად, პროპაგანდასთან დაპირისპირება არის ჩვენი ვალი ქართული საზოგადოების წინაშე და სწორედ ამას ემსახურება ის კანონი, რომელიც მე-3 მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა. როდესაც, ასეთ პირობებში, ამასაც კი უპირისპირდება რადიკალური ოპოზიცია, აქედან ჩანს, რომ ისინი მხოლოდ გარე დაკვეთით მოქმედებენ. საზოგადოების დაკვეთა ხომ ამ კანონის მიღებაა. რეალურად, ჩვენ კვლევაც გვაქვს ჩატარებული, 91% მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას. რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ მიდის საზოგადოების ასეთი ძლიერი დაკვეთის წინააღმდეგ. ამას შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ახსნა. ისინი მოქმედებენ არა საზოგადოების დაკვეთით, არამედ გარე პატრონების დაკვეთით, სხვანაირად ამას უბრალოდ ვერ ახსნი, როცა ასე უხეშად და პირდაპირ მიდიხარ საკუთარი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ“, – აღნიშნა პრემიერმა.