რუსული კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად ორგანიზაციაში სახელმწიფო კონტროლის ჩასმას, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერებას, გაუქმებასაც კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ბრენდირებას; არც ცხვირი ჰგავს, არც პირი ჰგავს, არც თვალი ჰგავს და რანაირად არის რუსული? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპონენტები კანონთან დაკავშირებით კითხვებს ვერ სვამენ და დისკუსიაში ვერ შედიან, ვინაიდან პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ.
„ვერ შემოდიან ამ დისკუსიაში. რატომ? იმიტომ, რომ მათ სინამდვილეში ყველაფერი კარგად იციან, უბრალოდ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, რომ კეზერაშვილი, ხაზარაძე ან გვარამია რამენაირად შავი ფულით დააბრუნონ ხელისუფლებაში. ეს არის პოლიტიკური ინტერესი – შავი ფულით გვარამიას, კეზერაშვილის სააკაშვილთან ერთად დაბრუნება ხელისუფლებაში. ეს ე.წ პოლარიზაცია აბსოლუტურად ხელოვნურია და დღევანდელი საღამოც ამის დასტურია“, – განაცხადა პრემიერმა.