fbpx

ირაკლი კობახიძე ევროკომისიაზე: 12 პუნქტის შესრულების კუთხით მათი ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება


ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმდის კვირას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმებზე, რომელიც საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს მოჰყვა.

„მათი აგიტაციის შინაარსი არავისთვის დამალული არ არის. როდესაც შენ ეუბნები ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აწარმოებენ პირდაპირ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ გააღიზიანა ისინი ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით. მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პათოსი და დამოკიდებულება თავიდან ბოლომდეა გაშიფრული და საზოგადოება ამას ხედავს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რეკომენდაციები შესრულდება და არჩეული გზის სისწორე ევროკომისარმაც დაადასტურა.

„მათ აინტერესებთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება 12 პუნქტის შესრულების კუთხით და ბუნებრივია, ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება