fbpx



ინფექციური დაავადებების სტატისტიკა საქართველოში

ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე,  ინტერესს იწვევს ბოლო წლებში ქვეყანაში  ინფექციური დაავადებების გავრცელების სტატისტიკური მონაცემები. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრმა, ქვეყანაში და განსაკუთრებით აღნიშნულ სამსახურში არსებული ფორსმაჟორული სიტუაციის მიუხედავად, შეინარჩუნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტი და IDFI-ს სრულყოფილად მიაწოდა უწყებაში დაცული ინფორმაცია.  კერძოდ, მიღებული მონაცემების მიხედვით:

– 2010-2019 წლების გრიპის სეზონებზე, ლაბორატორიულად სულ დადასტურებულია  A ტიპის გრიპის 2549 და B ტიპის გრიპის 1088 შემთხვევა.

– 2018-2019 წლების სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებულია A ტიპის – 462 შემთხვევა, ხოლო B ტიპის – მხოლოდ 3 შემთხვევა.

– 2010-2019 წლების გრიპის სეზონებზე, ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპით, გამოწვეულია სიკვდილის 165 შემთხვევა, საიდანაც ყველაზე დიდი მაჩვენებელი (47)  2015-2016 წლების გრიპის სეზონზე მოდის. 

– გრიპით გამოწვეული სიკვდილის 93% A ტიპის ვირუსს უკავშირდება, საიდანაცე.წ. ღორის გრიპის (A/H1p) ქვეტიპი დომინირებს.

– ბოლო წლებში ეპიდემიოლოგიური აფეთქებით ხასიათდებოდა წითელას ინფექციური დაავადება.  2019 წელს წითელას 3 918 შემთხვევა არის აღრიცხული, ხოლო 2018 წელს – 2 199.

– საქართველოში წითურას ყველაზე მეტი შემთხვევა 2013 წელს გამოვლინდა – 224. ეს მაჩვენებელი 2015 წლისთვის 100-მდე შემცირდა, ხოლო 2016 წლის შემდეგ მხოლოდ ერთეული შემთხვევები არის გამოვლენილი;

– 2019 წელს გამოვლენილია ინფექციური წარმოშობის დიარეების 15 335 შემთხვევა, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

– 2019 წელს დაახლოებით ორჯერ მეტი ინფექციური წარმოშობის დიარეების შემთხვევაა აღრიცხული აჭარის და იმერეთის რეგიონში ვიდრე თბილისში;

– 2012 წლის შემდეგ ვირუსული ჰეპატიტის შემთხვევები ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც უმეტესწილად განპირობებულია მსგავსი სახის დაავადების მკურნალობაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომობის და შესაბამისად მიმართვიანობის ზრდით;

ინფექციური დაავადებების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მსგავსი დაავადებების გავრცელების კონტროლის  თვალსაზრისით ქვეყანას მნიშვნელოვანი  შეფერხებები არ ჰქონია და ცალკეულ გამოწვევებს, მაგალითად წითელას ეპიდემიოლოგიური აფეთქებები, წარმატებით ართმევდა თავს. 

მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით  ახალი კორონა ვირუსის პანდემიის შედეგად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მასშტაბები მნიშვნელოვნად აღემატება სტატიაში განხილულ საკითხებს, IDFI იმედს გამოთქვამს რომ, ქვეყანა შეძლებს არსებული კრიზისული მდგომარეობიდან ეფექტიან  გამოსვლას. ამასთან, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, IDFI  მოუწოდებს  საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  მაღალი საზოგადოებრივი პასუხისგებლობის გამოჩენისკენ, რაც შესაბამისი უწყებების მიერ ახალი კორონა ვირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით გაცემული რეკომენდაციების ზედმიწნევით შესრულებაში გამოიხატება. წყარო :ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტი

გაუზიარე!

0Shares
0 0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია