️ ინტენსიური თოვისა და უხვი ნალექის მოსვლის გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გზებზე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება როგორც თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების, ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის მიერ.
აღსანიშნავია, რომ მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად იწმინდებოდა დედაქალაქთან დამაკავშირებელი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები, რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზები და დაბა თიანეთის შიდა ქუჩები.
“მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, ყველა შესაბამის სამსახურს, რომელთა გადაწყვეტილებით, ოპერატიულად დაიწყო და იწმინდება ცენტრალური თუ შიდა საავტომობილო გზები.
ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.” – განაცხადა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.