საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მინისტრის პირველ მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი შავერზაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ამჟამინდელი მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ; ასევე, განიხილეს თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.
კულტურის მინისტრმა და კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წარმატებული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატეს.
თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ მიულოცა ბატონ გიორგის, უსურვა მას ნაყოფიერი საქმიანობა, ნდობა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნივერსიტეტის მართვას კონსერვატორიისა და სასწავლო პროცესის ინტერესების შესაბამისად განახორციელებს.
ინფორმაციისთვის: გიორგი შავერზაშვილი არის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიური და სადისერტაციო საბჭოების წევრი. რამდენიმე ათეული წელია, ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქმიანობს და კარგად არის ინფორმირებული კონსერვატორიის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებ.
შეგახსენებთ: 2023 წლის 30 ოქტომბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესარჩევი კონკურსის შედეგად ხმათა უმრავლესობით ამ პოზიციაზე აირჩიეს ბატონი გიორგი შავერზაშვილი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ყოფილი რექტორის, ნანა შარიქაძის მანდატის ამოწურვამდე ვერ მოხერხდა ახალი რექტორის არჩევა, რადგან კონსერვატორიამ სამინისტროსთან, როგორც კონსერვატორიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უწყებასთან, კონფრონტაციის გზა აირჩია, რაც სასამართლოში კონსერვატორიის მარცხით დამთავრდა