fbpx

თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი გაიხსნა


დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის
ორგანიზებით, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი,
სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო,
მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ იმართება.
ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და ფორუმის მონაწილეებს
სიტყვით მიმართა. მერმა, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა
მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესაქმნელად, ჯანდაცვის პოლიტიკის
შემუშავებასა და შესაბამისი ინიციატივების წარმართვაზე.
„ჯანსაღი ქალაქი არ არის მხოლოდ ხედვა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელიც
გვაკისრია მოსახლეობის წინაშე, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.
ამის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, ადგილობრივი და ცენტრალური
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შევიმუშაოთ ინიციატივები, რომლებიც ხელს
უწყობს ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ ჯანმრთელობას; შევქმნათ და
განვახორციელოთ პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს მწვანე და ეკოლოგიურად
სუფთა გარემოს შექმნას. ჩვენი მიზანია, ასევე, შეიქმნას ეკონომიკური ზრდისა და
მდგრადი განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობები, რაც გულისხმობს,
ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური სერვისებისა და პროგრამების შემუშავებას,
რომლებიც ხელს შეუწყობენ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და მის
პოპულარიზაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ორდღიან ფორუმზე განიხილება ისეთი ტიპის საკითხები,
როგორებიცაა: ეკო-ტრანსპორტი და მწვანე მობილობა, კლიმატის ნეიტრალიტეტის
მიღწევის სტრატეგიები და სხვა.
„მიმდინარე ფორუმი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება: ურბანული
განვითარება და მდგრადობა, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება,
მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქის როლი
ტურიზმის მდგრადი განვითარების პროცესში. მინდა, ხაზი გავუსვა ჯანსაღი
ცხოვრების წესის მნიშვნელობას და გავლენას ქალაქების ეკონომიკაზე.
წლევანდელ ფორუმზე განიხილება დემოგრაფიის, მიგრაციის, სიღარიბის,
ღირსეული საცხოვრისის, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნის

საკითხებიც. ასევე, მნიშვნელოვანი სადისკუსიო თემები მოიცავს ჯანდაცვის
სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ჩვენი მოქალაქეებისათვის“, –
აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ფორუმზე გაზიარებული
ცოდნა და გამოცდილება მწვანე, ჯანსაღი და მდგრადი ქალაქების მშენებლობაში
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.
„შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან, ეს ფორუმი წარმოადგენს ფასდაუდებელ
პლატფორმას ცოდნის გაცვლისთვის, ცოცხალი დებატებისთვისა და გრძელვადიანი
პარტნიორობის ფორმირებისთვის, რომლებთანაც მრავალწლიანი
ურთიერთთანამშრომლობის მთავარ მიზანს ჩვენი ქალაქების მდგრადი მომავლის
შექმნა წარმოადგენს. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ ფორუმი გვაძლევს საშუალებას,
შევქმნათ ქალაქების უკეთესი მომავალი, გავხადოთ ისინი ჯანსაღი, მწვანე და
მდგრადი. მჯერა, ამ ფორუმზე გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება მოგვცემს
მოტივაციას, გადავდგათ გამბედავი ნაბიჯები ამ მიზნების მისაღწევად. მადლობას
ვუხდი საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა გამომსვლელს, ექსპერტს,
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და მონაწილეს, რომ შემოგვიერთდით.
საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით ბევრი პროექტი
განვახორციელეთ, ახლაც სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ, რის შესახებაც
საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მივაწვდით. დედაქალაქის მთავრობისა
და მერიის თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობა მიმართულია იმისკენ,
რომ ქალაქი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის,
ისე ჩამოსული სტუმრებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან
დავითაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ბაქოს, განჯის და
გიუმრის მერები – ელდარ აზიზოვი, ნიაზი ბაირამოვი, ვარდგეს სამსონიანი, ასევე,
მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა სახელმწიფო
უწყების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები,
დიპლომატები, 15-მდე ქვეყნის 25 სტუმარი ესწრება.
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმი 2007 წლიდან ჩამოყალიბდა
წამყვანი იდეების გაცვლისა და ქმედითი გადაწყვეტილებების მიღების
პლატფორმად, რომლის ფარგლებშიც, ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს
როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის
ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება