fbpx

,,თბილისობა,, სატელევიზიო ფორმატში აღარ ჩატარდება, გამოყოფილი თანხა დახმარების ფონდში გადაირიცხება-კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისობა სატელევიზიო ფორმატში აღარ ჩატარდება, ხოლო გამოყოფილი თანხა დახმარების ფონდში გადაირიცხება

“ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით.

ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”, – აღნიშნულია მერის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა.

9 ოქტომბრის 13:10 საათისთვის შენობის ნანგრევებიდან ამოყვანილია 9 ადამიანი – 2 მათგანი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს, 7 – გარდაცვლილი.

ნანგრევებიდან ამოყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა 36 წლის ქალი. შესაბამისად, ამ ეტაპზე დასტურდება 8 ადამიანის გარდაცვალება. მათგან 3 – ბავშვია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მაშველები, სავარაუდოდ, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.  შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება