fbpx

თამთა მეგრელიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ და არ გახდება, პირიქით, ეს საქართველოს საშუალებას აძლევს რეგიონული ჰაბი გახდეს

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მთავრობის ნაწილის ჩინეთში ვიზიტსა და რადიკალური ძალების მიერ ამასთან დაკავშირებით გამოხატულ აღშფოთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს რეგიონული ჰაბი, რაც ქვეყანას მეტ საერთაშორისო დატვირთვასა და დამოუკიდებლის შესძენს.

„გეოპოლიტიკური შეჯიბრის სამყაროში ვცხოვრობთ და ჩინეთს, გარკვეულწილად, შეუძლია იყოს გლობალური აქტორი, საქართველოს პარტნიორი, რომელთანაც აუცილებელია ურთიერთობა.

საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

ეკონომიკური განზომილების შესახებ ჩანაწერებს შორისაა „ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა“. დოკუმენტის თანახმად:

საქართველო მას მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთსასარგებლო რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმად;

სი ძინპინის სიტყვებით, არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება.

შესაბამისად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი – შესამჩნევი. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა ის, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია.

ფაქტია, რუსეთის მიერ წამოწყებული ომით შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და შუა დერეფანზე, იგივე აბრეშუმის გზაზე გაზრდილი მოთხოვნა საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს, რომელთა გამოყენებისთვისაც ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა აუცილებელი იქნება და ამ შესაძლებლობებს იყენებს ქართული სახელმწიფო.

ჩინეთის მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორეა და რა გასაკვირია, რომ მას საქართველოს სავაჭრო ბრუნვაშიც მნიშვნელოვანი როლი აქვს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ჩინეთი 794.8 მლნ აშშ დოლარით სავაჭრო პარტნიორების სიაში მეოთხე ადგილზეა. მას მხოლოდ თურქეთი, რუსეთი და აშშ უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაჭრობა 13.9%-ითაა შემცირებული. აქედან ექსპორტი 219.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და 45%-ითაა შემცირებული, იმპორტი კი 575.1 მლნ აშშ დოლარს აღწევს და 9.9%-ითაა გაზრდილი.

უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთთან ვაჭრობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება და გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 1.86 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება ინვესტიციებს, საქსტატის მონაცემებითვე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 19.9 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში ჩინეთი მერვე ადგილზეა.

რაც შეეხება 2022 წელს, ჩინეთიდან ინვესტიციები ორწლიანი კაპიტალის გადინების პერიოდის შემდეგ აღდგა და 108.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა.

ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება. ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მოყვანილი მონაცემებით დასტურდება, რომ გაზრდილია იმპორტი და ექსპორტი.

ჩინეთისთვის საქართველო ევროპულ ბაზართან დამაკავშირებელი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი გზა, არამედ ბიზნესის გადმოტანის და ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელოვან ადგილია.

რადგან ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ასოცირების შეთანხმება, რომელიც შეიცავს ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რაც საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას ამარტივებს, შეთანხმება, ასევე, მოიცავს ქართული პროდუქციის საბაჟო გადასახადის სრულ ან ნაწილობრივ გათავისუფლებას.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ და არ გახდება.

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს რეგიონული ჰაბი, რაც ჩვენს ქვეყანას მეტ საერთაშორისო დატვირთვასა და დამოუკიდებლის შესძენს. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს როგორც სახმელეთო, ასევე – საჰაერო და საზღვაო ჰაბი, რაც საქართველოს მნიშვნელოვან მსოფლიო მოთამაშედ აქცევს. ეს რესურსი „ქართული ოცნების“ ჭკვიანი პოლიტიკით გამოყენებულია და ამის შედეგებს გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა პოლიტიკური მოთამაშე იგრძნობს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება