fbpx

თამთა მეგრელიშვილი: „გამიშვით, თორემ მოვკვდები“ პოლიტიკა აღარ მუშაობს უკვე მათ ამომრჩეველზეც კი, რადგან ვხედავთ, რომ ყველამ მიატოვა სააკაშვილი – ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური თამაშის სხვა რესურსები ამოეწურებათ

„ფორმულას“ ჟურნალისტებს, მაგალითად ჟიჟილაშვილს, მინდა, ვკითხო, ნუთუ არ განიცდიან პასუხისმგებლობას, ან არ სვამენ საკუთარ თავთან კითხვას, თუ საიდან მოდის ხელფასი, რომელსაც იღებენ? დასვან კითხვა, აქვთ კი ამ ყველაფრის შემდეგ მორალური უფლება, ჩვენთან და სტუმრად მიწვეულ ახალგაზრდებთან, ვისაც ჭკუას არიგებენ, ასეთი ტონით ისაუბრონ?!“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტები, რომელთა საქმიანობაც კეზერაშვილისგან ფინანსდება, პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ და თავს არ უნდა აძლევდნენ არც ასეთი ტონით საუბრის, არც ახალგაზრდებისთვის ჭკუის სწავლების უფლებას.
„BBC-ის მიერ გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალებით დადგინდა, რომ ე.წ. პანამის დოკუმენტებში საუბარია დავით კეზერაშვილზე, როგორც გავლენიან პირზე, რომელიც არის ამ საქმეში მონაწილე ზოგიერთი კომპანიის ხელმძღვანელი, ან გარკვეული აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ საქმეში ნახსენები კომპანიებიდან რამდენიმეს ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ მათ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ დავით კეზერაშვილთან.
ნიშანდობლივია ისიც, რომ BBC-ს მასალების თანახმად, კიევში აღმოჩენილია ოფისი, სადაც მდებარეობს ე.წ. ქოლ-ცენტრები, რომელთა მეშვეობითაც ისინი ატყუებდნენ ევროპელ პენსიონერებს, მოიპოვებდნენ წვდომას მათ საბანკო ანგარიშებზე და ძარცვავდნენ მათ. კეზერაშვილის უკვე დამტკიცებული დანაშაული არის ის, რომ მან მოატყუა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. კერძოდ, დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის დროს ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას თავდაცვის სამინისტროსთვის კონკრეტული მომსახურების გაწევაში (ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა წვრთნები) გადაეცა საკმაოდ სოლიდური თანხა. რეალურად კი ეს მომსახურება სამინისტროს არ მიუღია. აქედან გამომდინარე, კეზერაშვილმა მოატყუა ქართული სახელმწიფო და თავდაცვის სამინისტრო. საუბარია 5 000 000 ევროს ეკვივალენტზე ლარებში.
„ფორმულას“ ჟურნალისტებს, მაგალითად ჟიჟილაშვილს, მინდა, ვკითხო, ნუთუ არ განიცდიან პასუხისმგებლობას, ან არ სვამენ საკუთარ თავთან კითხვას, თუ საიდან მოდის ხელფასი, რომელსაც იღებენ? დასვან კითხვა, აქვთ კი ამ ყველაფრის შემდეგ მორალური უფლება, ჩვენთან და სტუმრად მიწვეულ ახალგაზრდებთან, ვისაც ჭკუას არიგებენ, ასეთი ტონით ისაუბრონ?!“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის საქმის სტრასბურგში გაგზავნის შესახებ და აღნიშნა, რომ წინასწარ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო, მაგრამ ცხადია, რომ ჯანმრთელობის გაუარესებით მანიპულირება უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებზეც კი აღარ მოქმედებს.
„2021 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მთავრობას ეცნობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ სტრასბურგის სასამართლოში მოთხოვნა იყო შეტანილი. ეს მოთხოვნა მაშინ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პირიქით, დაავალა მომჩივან მხარეს, უზრუნველყავით, რომ ვის ინტერესებსაც იცავთ, სრულყოფილად იკვებოსო.
წლების შემდეგ გაბედეს და კვლავ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს, ამ შემთხვევაში უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველზე. ეს ინფორმაცია არ არის საჯარო და სამართლებრივად არ ვიცი, კონკრეტულად რას ითხოვენ, ან რას ემყარება მათი მოთხოვნები. როგორც აცხადებენ, აქვთ მტკიცებულებები, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნები, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც რატომღაც საზოგადოებისთვის უცნობია. ამასთან, ვნახეთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის 300-გვერდიანი შეფასება დაიდო. იქ 10-ზე მეტ დაავადებაზე იყო საუბარი და რეალურად არც ერთზე ან მედიკოსების მხრიდან არგუმენტირებული მსჯელობა, ან სამართლებრივი მსჯელობა არ მოგვისმენია.
წინასწარ არ ვიცი, ეს პროცესი როგორ განვითარდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოთხოვნებს აყენებენ და რა ფორმით. არც ისაა თავიდანვე გაწერილი, რა ვადაში მოხდება აღნიშნული საქმის განხილვა. თვითონ მოლოდინი აქვთ, მაგრამ არ ვიცი, რა არგუმენტებს იშველიებენ. ალბათ, მოთხოვნებს ამყარებენ იმით, რომ ცუდადაა, სასიკვდილო მდგომარეობაა და ამაზე აკეთებენ აპელირებას. ამბობენ, რომ დაჩქარებულ ვადებში განიხილება, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ნათელია, რომ „გამიშვით, თორემ მოვკვდები“ პოლიტიკა აღარ მუშაობს უკვე მათ ამომრჩეველზეც კი, რადგან ვხედავთ, რომ ყველამ მიატოვა სააკაშვილი. ახსენდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიტიკური თამაშის სხვა რესურსები ამოეწურებათ.“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება