„ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად უფლის გზა აირჩია და რამდენიც არ უნდა გვწნეხონ დასავლეთის ლიბერალებმა, უფლის განგებას ვერავინ შეცვლის – ივერია გაბრწყინდება!“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველო დღეს გლობალური პროცესების ეპიცენტრშია.
„თუკი ვინმეს არმაგედონის ბრძოლა, მხოლოდ ბიბლიური მითი ეგონა, ალბათ დღეს მაინც ირწმუნებს, რომ ეს რეალობაა. როდესაც უფლის გზას ირჩევ, იქვე იწყება ბრძოლა ქრისტეს მხედრობასა და „მსოფლიოს მმართველებს“ შორის. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს გზა ეკლიანია, მაგრამ ერთადერთი გზაა ქვეყნის გადასარჩენად.
სასულიერო პირები ამბობენ, როდესაც ადამიანი აღიარებს ჭეშმარიტებას, წყალობა მასზე მოდის, ხოლო როდესაც ქვეყანა აღიარებს ჭეშმარიტებას, უფლის წყალობა ქვეყანაზე მოდისო. ბოლო დროს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ჭეშმარიტების დაკანონებაა საქართველოში და ამიტომ გარდაუვალია უფლის წყალობა ქვეყანაზე. სასწაულები რომ ხდება, ალბათ ამის მაგალითი საქართველოა დღეს მთელს მსოფლიოში.
დღეს, მთელს მსოფლიოში, ბრძოლა ჭეშმარიტ ღირებულებებსა და ყალბ დემოკრატიას შორის, საქართველოში წყდება. დღეს ჩვენი ქვეყანა გლობალური პროცესების ეპიცენტრშია. ხელისუფლებამ ქართველ ხალხთან ერთად უფლის გზა აირჩია და რამდენიც არ უნდა გვწნეხონ დასავლეთის ლიბერალებმა, უფლის განგებას ვერავინ შეცვლის – ივერია გაბრწყინდება!“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.