საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შესაძლო მონიჭების ოპოზიციისეულ არგუმენტებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აცხადებს, რომ ოპონენტები გაიბლანდნენ უაზრო „ნარატივებში”. ამ თემაზე ის ვრცელ პოსტში საუბრობს, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ნარატივებში” გაჩხერილები – მაკრონის შარშანდელი განცხადება მახსენდება, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა რომ დაუწუნა… თურმე, გავიდა ერთი წელი და საოცრება მოხდა, საქართველომ გეოგრაფია შეიცვალა და ახლა გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო იძლევა სტატუსს ევროპაო – განაცხადა დეკანოიძემ.
გაიბლანდნენ უაზრო „ნარატივებში”, რომელსაც ერთი წელი ავითარებდნენ და ბოლოს რომ დარჩნენ მოცურებულები, ახალ სისულელეებს აცხობენ… მოკლედ, ყველა ბედნიერებასთან ერთად, ჩვენმა რადიკალებმა საკუთარ მოსაქმებულში ბაჯბაჯი დაიწყეს. ყველანაირ სიგიჟესა და აბსურდს იგონებენ საკუთარი განულებული რეპუტაციის შესანარჩუნებლად.
სინამდვილეში, სტატუსს საქართველო მიიღებს საგარეო პოლიტიკის სწორი დივერსიფიცირებისთვის. უამრავი ალტერნატივა გაუჩნდა საქართველოს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური განვითარებისათვის. ადრე, თუ მხოლოდ დასავლეთის კეთილ ნებასა და დოტაციაზე იყო ჩვენი ქვეყანა, რომელიც ერთი პოლუსის სწორებაზე მდგარი, მხოლოდ ანტურაჟს წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ არქიტექტურაში, ახლა საქართველო განსაკუთრებულ აქტორს წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკაში, რომელიც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად, ერთადერთი მშვიდობის კუნძულია ევროპის გარშემო.
ასეა, ვითარება შეიცვალა და ახლა იმაზე მეტად ესაჭიროება ევროპას საქართველო, ვიდრე ჩვენ დასავლეთი, რადგან შარშანდელი უსამართლო გადაწყვეტილების გამეორება გაზრდის არა ევროპაზე დამოკიდებულებას, არამედ უპრეცედენტო ანტი-დასავლურ განწყობებს. ასე რომ, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო კი არ მოგვცემენ სტატუსს, არამედ ევროპის გეოპოლიტიკური მისწრაფებებიდან გამომდინარე, სადაც საქართველო აზია-ევროპის უსაფრთხო გზაჯვარედინია და ამ გზაჯვარედინის მიღმა დარჩენილი ევროპა, თვითონ აღმოჩნდება კავკასიის პოლიტიკური არქიტექტურიდან სამუდამოდ ამოვარდნილი.
P.S ორბანი რომ ჩამოვიდა და საქართველოს სადღეგრძელოს განსხვავებული სასმისით სვამდა, ვინმეს დეგუსტატორი ან ფოლკლორისტი ხომ არ გეგონათ?“ – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.