fbpx

ვისაუბროთ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, მოლაპარაკების მაგიდასთან და არა კარავში-ნათია თურნავა

საქართველოს საპატრიარქოდან წამოვიდა ძლიერი მესიჯი, ძლიერი მოწოდება და ამ ფონზე, მსურს ხელახლა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, მათ, ვინც საკმაოდ კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას უშუალოდ სოფელ ნამოხვანში – მოდით, გადავდოთ გვერდზე ყველა ამბიცია და ნუ ვიტყვით უარს დიალოგზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ებრძვის პანდემიას და ბევრი ეკონომიკური გამოწვევის წინაშეა ქვეყანა, ესკალაცია იქნება კონტრპროდუქტიული და ჩვენ ეროვნული ინტერესებს დაარტყამს.

„ჩვენ სრულად ვიზიარებთ და ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადების შინაარსა და პათოსს. მეტიც, ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია დიალოგი. იცით, რომ მე და ჩემი კოლეგა, გარემოს დაცვის მინისტრი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან. სერიოზულ დათმობებზე წამოვიყვანეთ ინვესტორი კომპანია, რომელმაც კაშხლის მშენებლობა პრაქტიკულად ერთი წლით გადადო, რადგან ეს იწვევდა ყველაზე მეტ წუხილს მოსახლეობაში და ესეც მოსახლეობასთან ჩვენი შეხვედრებისა და კომუნიკაციის გამოძახილია. ახლა მხოლოდ გზისა და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ კვირაში შევხვდებით ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ექსპერტებსა და გეოლოგებს. ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ და ისევ მსჯელობის საგანი გახდეს და თუ რამე გაუმჯობესება იქნება საჭირო, ამასაც გააკეთებს კომპანია. ასევე, ჩვენ არ ვაკლებთ მცდელობას, რომ ეს დიალოგი შედგეს ყველაზე კატეგორიულ ჯგუფთან. როდესაც ცაგერში ვხვდებოდით მოსახლეობას, დავინახეთ, რა, რომ საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, მყისიერად გადავწყვიტეთ, ადგილზე ჩასვლა და შევხვდით მათ ნამოხვანში. შემდეგ ჩვენი შეხვედრა ქუთაისში დაიგეგმა, სადაც ორი მინისტრი ჩავედით 10-მდე უძლიერეს სპეციალისტთან ერთან. იყვნენ როგორც იურისტები ასევე გარემოს დაცვის სპეციალისტები, გეოლოგები და სეისმოლოგები. სამწუხაროდ, მაშინ ის შეხვედრა ჩაიშალა და ვერ შედგა, რადგან, როგორც ჩანს, ჩვენ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, რომ სპეციალისტებისგან მოისმინონ ყველა კითხვაზე პასუხი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

​მისი თქმით, ახლაც მზად არიან შეხვედრისა და დიალოგისთვის.

„ახლა, ასეთი ძლიერი მოწოდება წამოვიდა საპატრიარქოდან და ამ ფონზე მინდა ვთქვა და ხელახლა მივმართო საპროტესტო აქციის აქტივისტებს, ვინც კატეგორიული მოწოდებებით გამოირჩევა და აპროტესტებს მშენებლობას სოფელ ნამოხვანში, გადავდოთ გვერდზე ყველა ჩვენი ამბიცია. დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე სწორი ფორმატი დიალოგში სპეციალისტების ჩართვაა. იმის გამო, რომ უშუალოდ მინისტრებისგან უნდათ პასუხების მოსმენა, მზად ვართ შეხვედრისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს პასუხები გაგვაჩნია. თუნდაც 24-საათიან რეჟიმში შედგეს შეხვედრა და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს უშუალოდ აქტივისტებს. ნუ ვიტყვით უარს საუბარზე სხვადასხვა ხელოვნური მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც, საპატრიარქოს მოწოდების ფონზე ყველა ამბიციას გვერდზე გადავდებთ, რადიკალური მოწოდებები შეწყდება და დაუბრუნდებიან დიალოგის მაგიდას. მივმართავ მათ, ნუ იტყვიან უარს დიალოგზე, ნუ იტყვიან უარს ყველა კითხვაზე მიიღონ პასუხი, თუ რეალურად აინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხების მოსმენა. ულტიმატუმი დამღუპველი გზაა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ამაში გამოიჩინონ ძირითადი პატრიოტიზმი ახლა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტზე ვისაუბროთ მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში, მოლაპარაკების მაგიდასთან და არა – კარავში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება