სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს.
„ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. იცის საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მისამართზე იყო 4-სართულიანი, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სახლი. მის ნაცვლად, ავაშენებთ 10-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა-ნაგებობას. 36 ოჯახი დაკმაყოფილდება ფართებით მათ სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. ეს ოჯახები დროებით, ქირით გვყავს გაყვანილი და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ.
„მინდა, ვთხოვო დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნული პროექტით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტებისს განხორციელება. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს, თუმცა სოციალური პროექტებია, სადაც თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.