fbpx

ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სარწმუნოების, მთლიანად ეკლესიის წინააღმდეგ-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე – ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სარწმუნოების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ

არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ძალიან მძიმე პროვოკაციას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ; ეს არის მორიგი, ბოდიშს ვიხდი მოსახლეობასთან, ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მამების, მღვდელმთავრების მათ წინააღმდეგ, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ და ჩვენი მთავარი, რაც არის ქართველების საფუძველთა საფუძველი – ჩვენი სარწმუნოების და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან აქვს საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მჩაგვრელი, ბოროტი ძალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო სწორედ მთავარი ინსტიტუციების დისკრედიტაცია, როგორიც არის ეკლესია, თვითონ ჩვენი პატრიარქი, მღვდელმთავრები, მამები და ზოგადად მთელი სასულიერო პირები. ამას გარდა, ჩვენ ვნახეთ, როგორი შეტევა განახორციელეს თუნდაც ერთ-ერთი მთავარი, მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, როგორი ბინძური პროვოკაცია დაგეგმეს. მათი მუდმივი, პერმანენტული ბრძოლა ჯარის წინააღმდეგ, პოლიციის წინააღმდეგ, სასამართლოს წინააღმდეგ, ანუ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ ხდება იმიტომ, რომ მოახდინონ დემორალიზება და სისტემის დისკრედიტება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ჩვენმა ბრძენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ ანტიეროვნულ და ამასთანავე ანტიეკლესიურ, ანტისახელმწიფოებრივ ძალასთან გვაქვს საქმე და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ 9 წლის წინ ამ ადამიანების ჩაგვრას და მათ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას უარი უთხრა საბოლოოდ. ეს უარი დასტურდება 7 არჩევნების მეშვეობით და 7 არჩევნებში დადასტურდა ეს ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვიცით, რა მიზანს ემსახურება აღნიშნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან მშვიდად უნდა მივიდეთ არჩევნებზე, ძალიან ძლიერად გავიმარჯვოთ და მტკიცედ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და ჩვენი ქვეყნის განვითარება“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება