fbpx

ეკონომიკის ექსპერტი – ოპოზიცია ვერც ზნეს იცვლის და ვერც ჩვეულებას, იაფფასიან პოპულიზმზე აგებული პოლიტიკა კი ისევ ოპოზიციისათვის არის საბოლოოდ წამგებიანი

„დღეს კრიტიკის საგანი გახდა საპენსიო სააგენტოს მიერ აიტი ინფრასტრუქტურის განახლება, რაც დაუკავშირდა ახალ აბსურდულ ბრალდებებს დანაზოგების გაქრობაზე თუ სააგენტოს მხრიდან თანხების გაფლანგვაზე… არადა, აიტი ტექნიკური განახლებები დამახასიათებელია, არა მხოლოდ საპენსიო სააგენტოებისათვის, არამედ თვით ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვისაც კი,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს საპენსიო დანაზოგებთან დაკავშირებით.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ, საპენსიო რეფორმის ასე მოკლე დროში განხორციელება, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ცალსახად წარმატებულად იქნა შეფასებული, მაშინ როდესაც ბევრ ქვეყანაში მის განხორციელებას წლებიც კი დასჭირდა. „დავამატებ, რომ ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელიც გარკვეულწილად სწორედ ამ რეფორმის შედეგია. რეფორმის მორიგი ეტაპი კი უკვე ქვეყანაში საფონდო სეგმენტის გაძლიერება და კაპიტალის ბაზრის რეორგანიზაცია უნდა გახდეს,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის ივლისის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით 36.19%-ია, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 0,96% შეადგინა, კიდევ ერთი თითიდან გამოწოვილი ბრალდების მიზეზიც კი გახდა მისი შედარებით დაბალი მაჩვენებლის გამო. ამ დროს, სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება. რაც შეეხება სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაციას, პრეტენზიები აქ კიდევ უფრო გაუგებარია, რადგან იგი ხორციელდება ერთი მხრივ, გლობალური აქციების შესყიდვით, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და მეორეს მხრივ, ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირების საფუძველზე, რაც ისედაც მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. კერძოდ, საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 5.0% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 8.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 7.7% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 9.4% გლობალურ აქციებში, 0.9% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 68.6% არის განთავსებული,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.
მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია გლობალური შოკების შედეგად, რაც კოვიდ პანდემიურ შოკთან და უკრაინაში რუსულ ინტერვენციასთან არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება ნდობის საკითხს, დაგროვებითი პენსიით, ივლისის თვის მდგომარეობით მხოლოდ 2 267-მა პირმა ისარგებლა, მონაწილეთა რაოდენობა კი 1 მილიონ 301 ათასი ადამიანია. აქედანაც ჩანს, რომ ოპოზიცია ვერც ზნეს იცვლის და ვერც ჩვეულებას, იაფფასიან პოპულიზმზე აგებული პოლიტიკა კი ისევ ოპოზიციისათვის არის საბოლოოდ წამგებიანი. თუ ამ თემის აქტუალიზაცია სექტემბრის საპროტესტო გამოსვლების კონტექსტშია ჩაფიქრებული, ზემოთ მოყვანილი ფაქტორების გამო, ვეჭვობ ამ თემისგანაც რაიმე გამოვიდეს,“ – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება