fbpx

ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიციის კითხვაზე – რას ვაკეთებთ ქვეყნისათვის -. უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, იძულებითი მიგრაცია – ეს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ვცდილობთ და საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის

„რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოფენილი ბანერები, რომლებიც თითქოს სოციალურ პრობლემებს ეხება, ყველაზე ნაკლები უბედურებაა მათ შორის, რაც მათ ქართველ ხალხს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას დამართეს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ოპოზიციონერ კოლეგებს ეკონომიკის შესახებ არსებული ლიტერატურის წაკითხვისკენ მოუწოდა და მოიყვანა ის მონაცემები, რომლებიც ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაზე მეტყველებს.

„ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ცისარტყელას ფერებში არსებულ ბანერებზე ყველა ის მოვლენა არის გამოსახული, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან ასოცირდება და ალბათ, მადლობა უნდა ვუთხრათ მის პიარ-კონსულტანტს, რომ საჩვენოდ, კარგი პიარული ნაბიჯი მოიფიქრა, რომ ხალხს შევახსენოთ, რასთან არის დაკავშირებული მათი მმართველობა, რას დავაღწიეთ თავი და რის გაუმჯობესებას ვაპირებთ ჩვენი მმართველობის პერიოდში. რაც უფრო დიდხანს იქნება ეს ბანერები, მით უფრო კარგად დაინახავს ხალხი და კარგად გაჯდება მათ მეხსიერებაში, რას უნდა ვერიდოთ და მემკვიდრეობით დატოვებული რომელი პრობლემებისაგან ვფიქრობთ თავის დაღწევას.
ამ დარბაზში გაისმა ძალიან ბევრი მანიპულაციური და დემაგოგიური მოსაზრება ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ მე კიდევ მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ეკონომიკის წიგნებში, სათაურის და შესავლის გარდა რაც წერია, ისიც წაიკითხონ. როგორც ჩანს, ეკონომიკაზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. ეკონომიკური განვითარებისთვის და სტაბილურობისათვის, პირველ რიგში, საჭიროა მშვიდობიანი და სტაბილური გარემო. სწორედ ეს უზრუნველყო ჩვენმა მმართველმა გუნდმა, ჩვენმა უმრავლესობამ, ჩვენმა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და სწორედ ამის გამოა დღეს, რომ გაუმჯობესებული მაკრო-ეკონომიკური პარამეტრებით ვიწონებთ თავს, რადგან ეკონომიკური პოლიტიკის პროგნოზირება და დაგეგმვა ძალიან რთული საქმეა. შეიძლება ხელისუფლებამ შეიმუშაოს რაღაცა პოლიტიკა, რომელმაც არ გაამართლოს.
საბედნიეროდ, შემუშავებულია ისეთი პოლიტიკა, რომელმაც გაამართლა და მარტო თებერვლის თვეში, ჩვენ გვაქვს დაახლოებით, 9%-ზე მეტი ზრდა. თუ ჩვენი სტატისტიკის შეფასებების არ გჯერათ, საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტების, მათ შორის, სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალ წლებში, 2024-2028 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 5%-ზე მეტი. ხოლო, ერთ-ერთი სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, ჩვენი საინვესტიციო რეიტინგი და მიმზიდველობა საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა და გაუმჯობესების პერსპექტივით ხასიათდება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მან ასევე უპასუხა ოპოზიციონერი კოლეგების კითხვას, თუ რას აკეთებს მმართველი გუნდი ქვეყნისათვის.

„ეს არის პასუხი რადიკალური ოპოზიციის იმ კითხვაზე, თუ რას ვაკეთებთ ქვეყნისათვის. უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, იძულებითი მიგრაცია – ეს მემკვიდრეობით მიღებული პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ვცდილობთ და საკმაოდ წარმატებითაც გამოგვდის. უმუშევრობა განახევრებულია, სიღარიბე განახევრებულია… ბავშვთა დახმარებისათვის 600 მილიონია გამოყოფილი, მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ პერიოდში ნული ლარი იყო გამოყოფილი. სოციალური ბიუჯეტი დღეს 5,6 მილიარდი ლარის ოდენობით გვაქვს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ დროს ის იყო 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით. ეს არის ის პროგრესი და რეალური რიცხვები, რომელთაც ხაზს ვუსვამთ. დიახ, თავს ვიწონებთ, რომ პრობლემებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვერევით და როგორც ჩვენმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩვენი ამბიციური გეგმაა, რომ ქვეყანაში სიღარიბე გაუტოლდეს ნულს.
რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოფენილი ბანერები კი, რომლებიც თითქოს სოციალურ პრობლემებს ეხება, ყველაზე ნაკლები უბედურებაა მათ შორის, რაც მათ ქართველ ხალხს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმისას დამართეს. დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს წინსვლას, პროგრესს და რაც მთავარია, შემდგომშიც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას რეგიონში, რაც ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა. ამან ის ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს, რომელიც ერთადერთი წამალია ინფლაციის, გაზრდილი ფასების, უმუშევრობის, სიღარიბისა და ა.შ. დასამარცხებლად.“ – აღნიშნა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება