პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო არჩევნებში “ხალხის ძალისა” და “ქართული ოცნების” ერთიანი სიით მონაწილეობაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატის თქმით, “ხალხის ძალას” “ქართულ ოცნებასთან” ღირებულებითი სხვაობა არ აქვს და შესაბამისად, არჩევნებზე საერთო სიით გასვლა გასაკვირი არ უნდა იყოს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საზოგადოებას არჩევანი ომსა და მშვიდობას, განვითარებასა და უპერსპექტივობას შორის ექნება, “ხალხის ძალა” კი, “ქართულ ოცნებასა” და საზოგადოებასთან ერთად არჩევნებზე ქვეყნისათვის სასიკეთო შედეგს დადებს. “საარჩევნო კამპანიას ერთად ჩავატარებთ და მე მგონი, ეს არავის უნდა გაუკვირდეს. ჩვენ ვიყავით უმრავლესობის წევრები და ერთმანეთთან ღირებულებითი სხვაობა არ გვქონდა. იყო პერიოდი, როდესაც სიმართლის უფრო ხმამაღლა სათქმელად გამოვეყავით, თუმცა ვითარება ისე ჩამოყალიბდა, რომ პრაქტიკულად, უმრავლესობა უკვე ერთხმად ვამბობთ აუცილებელ სიმართლეს, რაც არის ქვეყნისთვის საჭირო მშვიდობის მისაღწევად. ამიტომ, არჩევანი საზოგადოებას ექნება ომსა და მშვიდობას შორის, სტაბილურობას, განვითარებასა და უპერსპექტივობას შორს. ჩვენ ვიქნებით ერთად და “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” ქართულ საზოგადოებასთან ერთად დავდებთ შედეგს ქვეყნის სასარგებლოდ,” – აღნიშნა ხუნდაძემ.