fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: პირველი მოსმენით მიღებისთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტები ვენეციის კომისიაში გაიგზავნება

პირველი მოსმენით მიღებამდე, ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტის ქართულ ვარიანტში შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგალითად, კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, დღეს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

„გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვები, რის შემდეგაც, პირველი მოსმენით, მხარს დავუჭერთ ორივე კანონპროექტს. პირველი მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტის ქართულ ვარიანტში, შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგ., კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამი მოსმენით, მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე, მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ისე – ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება