ვეტერანებისათვის შემწეობის გაზრდისა და დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისათვის ცალკეული პროგრამების დაფინანსების ზრდის მნიშვნელობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა. შესაბამისი კითხვით, მან ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, 2027 წლის ბიუჯეტის განხილვისას დაუსვა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ხარჯების შესახებ განმარტება ითხოვა.
დიმიტრი ხუნდაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პარალელურად, საჭიროა ფინანსური რესურსის მიმართვა ვეტერანების საკითხის მოგვარებისკენ. ამავდროულად, დეპუტატის თქმით, მძიმე დემოგრაფიული ფონის გამოსწორება, რაც შობადობის შემცირების ტენდეციას ახლავს თან, ბიუჯეტისგან მეტ ყურადღებას საჭიროებს.
„ობიექტურობა მაიძულებს ვთქვა, რომ ბიუჯეტი ბევრი სიკეთის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ჩემი აზრით, რამდენიმე ძირითადი აქცენტი მაინც გამოტოვებული გვაქვს. შევეხებოდი ორ ძირითად საკითხს, რომლებიც შინაარსობრივად ქვეყნის მთავარი პრობლემებია. ესაა ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული კრიზისი.
პირველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკა იზრდება და ფინანსური რესურსის მეტი შესაძლებლობა გვაქვს, ვეტერანების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ვეტერანების მიმართ. მე მგონია, რომ მათი ამ ღვაწლის დაფასება ნებისმიერი ციფრით წარმოუდგენელია, მაგრამ 100 ლარი ძალიან ცოტაა. ვფიქრობ, ქვეყანაში, როდესაც სხვადასხვა პრობლემის, სოციალური დახმარებებისა და სახელფასო განაკვეთების ზრდის საკითხი დგება, სწორედ ასეთი პროცესი უნდა იწყებოდეს იქიდან, რომ, პირველ რიგში, იზრდებოდეს ვეტერანთა დახმარების პროგრამები.
მეორე – დემოგრაფიული საკითხი. ხშირად ვსაუბრობთ დემოგრაფიულ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში აშკარაა. 90-იანი წლების შემდეგ პრაქტიკულად ყოველწლიურად მცირდება შობადობა, ქვეყანა დაბერების აქტიურ ფაზაშია შესული და, შესაბამისად, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა პრაქტიკულად დეფორმირებულია. ეს იწვევს საბიუჯეტო-საფინანსო რისკების ზრდას. ასევე, თავდაცვისუნარიანობის კუთხით პოზიტიური მოლოდინის განცდა უბრალოდ ვერ გვექნება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მიგრაციული პროცესებიც.
ეს პრობლემა შინაარსობრივად ძალიან ღრმაა, მაგრამ ბიუჯეტში მის დასაძლევად არაფერი არ არის გათვალისწინებული. აუცილებელია, ბიუჯეტში გავითვალისწინოთ სხვადასხვა პროგრამის მხარდაჭერა, რათა შობადობა წავახალისოთ, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა გავააქტიუროთ და მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა პროგრამას, რომლებიც მრავლად არსებობს და რომელთა განხორციელების პრაქტიკაც მსოფლიოში ძალიან ბევრია. ჩვენც უნდა გავაძლიეროთ დემოგრაფიული მხარდაჭერა, რათა კრიზისს რამენაირად დავუპირისპირდეთ,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ფასდაუდებელია ვეტერანების წვლილი, რაც მათ ქვეყნისთვის გაიღეს. ლაშა ხუციშვილის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება საგადასახადო შეღავათების დაწესების კუთხითაც და ერთობლივად შესაძლებელია იქამდე მივიდეთ, რომ მეტი სარგებელი მიიღონ ვეტერანებმა როგორც ფულადი, ასევე სხვა მიმართულებით.
რაც შეეხება დემოგრაფიულ საკითხს, ხუციშვილის თქმით, ეს საკითხი გლობალური გამოწვევაა. მანვე განმარტა, რომ დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო კომიტეტი და მთავრობა მუშაობს. „ვფიქრობთ ეფექტური მექანიზმების შემუშავებას. განვითარებად ქვეყნებში ამ პრობლემის მოგვარების ბევრი მაგალითი არსებობს და მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით პარლამენტთან,“ – განაცხადა მინისტრმა.