fbpx

დავით ხვიბლიანი: მარტო მე კი არა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს შეურაცხყოფა

მარტო მე კი არა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს შეურაცხყოფა, – ამის შესახებ დავით ხვიბლიანმა, რომელიც მძევალებს შორის იყო, „ქრონიკას“ განუცხადა და „მთავარი არხის“ მიერ თავდასხმაში მის შესაძლო მონაწილეობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

დავით ხვიბლიანი „მთავარ არხს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს აცხადებს, რომ ის სამართლებრივად იდავებს.

მისივე განმარტებით იგი, თავდასხმის დღეს ბანკში ხელფასის ასაღებად და სხვა საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად მივიდა.

„როდესაც ჯარს პატივს სცემ, იცი, რა არის მუნდირი და ასეთ სიბინძურეს ამბობ მასზე, ასეთ ადამიანთან საუბარს რა აზრი აქვს?! ამით მარტო მე კი არა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს მიაყენეს შეურაცხყოფა, მაგრამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. თუ საჭირო გახდება, ჩემი ადვოკატიც გამოვა და იტყვის სათქმელს, ამას ასე არ დავტოვებ და აუცილებლად მოვითხოვ პასუხს, რაც ჩემზე ითქვა. აუცილებლად ვიდავებ სამართლებრივად“, განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, მასზე სამხედრო ნაწილში დაბრუნების შემდეგ ზეწოლა განხორციელდა.

„რომ მივედი სამსახურში არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, აბსურდია ეს, პირიქით, მამშვიდებდნენ ყველანი. მქონდა გასაუბრება ზემდგომებთანაც და მათი დიდი დამსახურებაა რომ დავმშვიდდი, რა ზეწოლა, სისულელეა და სასაცილო ამაზე საუბარი“, – განაცხადა დავით ხვიბლიანმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია