fbpx

დავით ქართველიშვილი: ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად გვითვლიან

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს“, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც რიგი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც 2009 წელს „ბალკანეთის კოლუმბიად” და „ევროპის ჩრდილოეთ კორეად” წოდებული ალბანეთი NATO-ს რიგებში მიიღო, საგანგებო განცხადებით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების „თავხედობას” – საკუთარ ქვეყანაში გამჭვირვალობის უფლებაზე იოცნებოს.

თურმე „საერთო დემოკრატიული ღირებულებები” ყოფილა ნატოში გაწევრიანების საფუძველი, მაგრამ ნარკოსაწყობისა და ნარკოტრანზიტის „მექასა” და ქოლცენტრების რეკორდსმენ ევროპაში, რა ღირებულებები აერთიანებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ამაზე არავინ, არსად და არასდროს არ საუბრობს.

ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად გვითვლიან. მოკლედ, ყველაფერი გასაგებია. ამასობაში კი, ყველაზე თბილი, ობიექტური და მეგობრული მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამი მილიარდი მოსახლეობის მქონე ჩინეთიდან და ინდოეთიდან მივიღეთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება