fbpx

დავით ქართველიშვილი: ერეკლე მეორე თბილისს, ხოლო მისი წინაპრები − საქართველოს უნდა დავუბრუნოთ

„წლევანდელ მარიამობას მეტად სასიხარულო ინიციატივა გაჟღერდა სახელისუფლებო დონეზე − თბილისს უნდა ეღირსოს ერეკლე მეორის ძეგლი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ერეკლე მეორე თბილისს, ხოლო მისი წინაპრები − საქართველოს უნდა დავუბრუნოთ.

„ბუშის, კაჩინსკის, პოლიტკოვსკაიას ქუჩებისა თუ რეიგანის ძეგლის ხანა იმ თვალსაზრისითაც უნდა ჩაბარდეს წარსულს, რომ სააკაშვილის რეჟიმის ანასხლეტებისა თუ „ნეო-წითელი პროფესორების“ განზრახ დამახინჯებული და გაუკუღმართებული შეხედულებები ქვეყნის წარსულზე თუ მის გამოჩენილ ისტორიულ ფიგურებზე არ უნდა კარნახობდნენ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს და განსაკუთრებით, ჩვენს ახალგაზრდობას, ვინ უნდა იყოს გენმოდიფიცირებული „ქართველების“ ბულინგის, ქილიკისა და დაცინვის მორიგი სუბიექტი. ჩვენს გამოჩენილ მეფეს, სარდალსა და პოლიტიკურ მოღვაწეს ყველაფერ იმას უწუნებენ, რაშიც მათი „ბელადი“ პირნათლად დამარცხდა რუსეთის წინაშე და ქვეყნის ოკუპაციის თანამონაწილე გახდა, ხოლო ერეკლე მეორის იმჟამინდელ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანების სურვილი განაპირობებდა.

დღეს ეს სურვილი ჩვენს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასაც განაპირობებს და ქვეყანა ცდილობს ყოფილი რეჟიმის მიერ განზრახ დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამოსწორებას, ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიანობის აღდგენას. თუნდაც ძლიერი სტრატეგიული მოკავშირის შუამავლობით, რუსეთთან დიალოგის მოწინააღმდეგე, იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვიდან მკაფიო გზავნილებს მივიღებთ საქართველოს დეოკუპაციის პირობების თაობაზე, დღეს ერის მოღალატე უნდა იყოს. მაგრამ, აქვე აღვნიშნოთ, რომ თუ ასეთი სიგნალები არათუ არ ისმის, არამედ არც არანაირი მზადყოფნა შეინიშნება, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დალაგებამ ყველაზე მტკივნეული თემების განხილვაზე გაიაროს − ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ცალმხრივი ილუზიების შექმნა ჩვენი მხრიდან სახიფათო პროცესია და ამას დღეს არც არავინ აპირებს.

დიპლომატიის, მოლაპარაკებების, დიალოგისა და ღია პოლიტიკური განცხადებების მიღმა, ხშირად უხილავი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მუშაობა მიმდინარეობს (როგორც ერთგვარი მოსამზადებელი პროცესი) იმ სხვადასხვა სფეროს ვიწრო სპეციალისტების მხრიდან, რომლებიც ამარაგებენ ხელისუფლებას, თუ გნებავთ − იმ კრეატიული და ინოვაციური იდეებით, რომლებმაც შეიძლება ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნას მომავალ, შესაძლოა წარმატებულ და ისტორიულ მოლაპარაკებებს. თუნდაც ერთგვარი ტესტის სახითაც − ღირს თუ არა დაწყება და მივაღწევთ თუ არა ორივე მხარისთვის მისაღებ და წარმატებულ შედეგს.

ურთიერთობების დაკონსერვებული მდგომარეობიდან აქტიურ ფაზაში გადაყვანის ერთ-ერთ ასეთ მცდელობას 2014-2015 წლებში ჰქონდა ადგილი. ამ ჩანაფიქრს ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა მხოლოდ გარკვეული ეფემერული იდეის დონეზე. შემდგომ, სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების სახელობის ეკლესიაში, საგანგებოდ ორი ლუსკუმაც აღიმართა, რათა ადრე თუ გვიან, ისტორიული და ეკლესიური თვალსაზრისით ამ სახელოვანი ჩვენი მამულიშვილების − სიძე-სიმამრის ნეშტები გადმოგვესვენებინა რუსეთიდან და მშობლიურ გარემოში მიგვეჩინა საპატიო ადგილი. საუბარია რუსეთში, ასტრახანის საკათედრო ტაძარში დასვენებული ერეკლე მეორის მამის − თეიმურაზ II-სა და მისი პაპის − ვახტანგ VI-ის ნეშტების ჩამოსვენებაზე საქართველოში.

იმ პერიოდში საუბარი მიდიოდა არა აფხაზეთისა თუ ცხინვალის, არამედ თუნდაც ჩვენი ორი მეფის ნეშტის სამშობლოში დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს სიმბოლური დანიშნულებაც მიენიჭებოდა (და ჩვენ ეს კარგად გვესმოდა) − რომ როგორც იქნა, „ყინული დაიძრა“ და რუსეთი უბრუნებს საქართველოს იმ ორ სიწმინდეს, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი ხელით ჩამოაბრძანებდა ამ ძვირფას სასახლეებს ლარსის გამშვები პუნქტიდან სამებამდე. და რუსეთის მხრიდან ეს იქნებოდა პირდაპირი მინიშნება − დიახ, ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის.

მოკლედ, ეს საკითხი იმ წლებში რუსეთის უმაღლეს დონემდე მიიტანეს ლამის − როგორც პოლიტიკურ, ასევე სასულიერო წრეებში. დეტალებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ ამაზე მაშინ უარი გაისმა, თითქოსდა ფორმულირებით „ჯერ ამის დრო არ დადგა“. ვერ გაჭრა ვერც მოხუცებული პატრიარქის გულის მოგებაზე და მის სიხარულზე აპელირებამ. ორი ქვეყნის ურთიერთობების დალაგების ამ „ტრიგერმა“ მაშინ ვერ იმუშავა, „ტესტი“ ჩავარდა. თუმცა ვინ იცის, იქნებ დღეს, ჩვენ თვალწინ, ზუსტად „ის დრო დგება“ და ის მოვლენები ვითარდება, რომლებიც ამ ისტორიული ჩანაფიქრის ხორცშესხმას ხელს შეუწყობს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება