fbpx

დავით ქართველიშვილი: დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებით – საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და “ლიბერალური ფასეულობების” სრულ აღმოფხვრაზე

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა ქვეყნის განათლების სისტემასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და “ლიბერალური ფასეულობების” სრულ აღმოფხვრაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მასშტაბურ ცვლილებებს ლიბერალური პროფესურა და “დემოკრატიული” შტატების ადგილობრივი ხელისუფლება დიდი წინააღმდეგობით შეხვდება, ყოველივე ეს კი კიდევ უფრო გააღრმავებს სამოქალაქო ომის პირას მყოფ ამერიკულ საზოგადოებას.

„დონალდ ტრამპის გუნდმა ამომრჩეველს წარუდგინა თავისი ხედვა და პროგრამა, ქვეყნის განათლების სისტემაში, ფაქტობრივად, კონსერვატიული კონტრრევოლუციის მოხდენის მიზნით. საუბარია ე.წ. ვოუქიზმისა და “ლიბერალური ფასეულობების” სრულ აღმოფხვრაზე ფედერალურ საგანმანათლებლო დონეზე.

საწყის ეტაპზე რესპუბლიკელები აპირებენ შეუწყვიტონ გრანტები იმ სასწავლებლებს, სადაც აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას და რასობრივ-გენდერულ დღის წესრიგს. მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესების ინიცირებას ადგილი ექნება იუსტიციის სამინისტროს მხრიდანაც, რომლის სათავეში ტრამპი თავისი გუნდის წევრს დააყენებს.

ტრამპი ასევე აკრძალავს “სქესის შეცვლის” ოპერაციების პრაქტიკას არასრულწლოვანებში. გარდა ამისა, აპირებს საერთოდ გააუქმოს აშშ-ის განათლების სამინისტრო. ამ შემთხვევაში დარგის მართვა ცენტრიდან გადავა შტატების ადგილობრივ დონეზე. სატესტოდ, პილოტური ექსპერიმენტი უკვე დანერგეს ფლორიდას შტატში, სადაც სკოლებში აიკრძალა ლგბტ თემისა და BLM მოძრაობის პროპაგანდა, რომლებიც ჩაანაცვლეს “ამერიკული ფასეულობებისა” და “დასავლური ცივილიზაციის ტრადიციების” სასწავლო პროგრამებით.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს – მათ მოეთხოვება უარი განაცხადონ “ინკლუზიურობისა და გენდერული მრავალფეროვნების” პროგრამებზე, თავისი რასობრივ-გენდერული კვოტებით. ხოლო სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კოლეჯებს მოეთხოვება სასწავლო კურსიდან ამოიღონ “თეთრი რასიზმის, ანტიქრისტიანული და ანტიამერიკული” პროგრამები.

გარდა ამისა, ტრამპის მომხრეები ითხოვენ ამერიკელ მასწავლებლებს ჩაუტარონ სავალდებულო სერტიფიცირება, მათ რიგებში იმ კონტინგენტის გამოვლენის მიზნით, ვინც ებრძვის “პატრიოტულ ღირებულებებს”. ადვილად პროგნოზირებადია, თუ რა დონის პროტესტით შეხვდება ამ მასშტაბურ ცვლილებებს ლიბერალური პროფესურა და “დემოკრატიული” შტატების ადგილობრივი ხელისუფლება. ყოველივე ეს კიდევ უფრო გააღრმავებს სამოქალაქო ომის პირას მყოფ ამერიკულ საზოგადოებას…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება