საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების თემატიკაზე დაიწყო მოსწავლეების საჯარო დებატების ციკლი. მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს მასშტაბით 900-მდე საჯარო სკოლის მოსწავლე. სემეკისა და დებატების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივა პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისათვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ და ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ დებატების ახალი პროექტის გახსნის ღონისძიებაზე სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მოსწავლეებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარების აუცილებლობასა და სადებატო თემის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მისასალმებელია, რომ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში, მოდებატეებში ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების შესახებ სწორი მიდგომების ჩამოყალიბებას. ენერგეტიკა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და აუცილებელია, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული ყველა იმ რესურსზე, რომელსაც ეფუძნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით არაერთი განვითარებული ქვეყნის ენერგეტიკული მომავალი. სემეკი მაქსიმალურად ხელს უწყობს მოსწავლეების დაინტერესებას ენერგეტიკის საკითხებით. ვიმედოვნებ, რომ სადებატო თემა იქნება მონაწილეებისთვის საინტერესო, მათ ცენტრის მოწვეული ლექტორებისა და სემეკის წარმომადგენლების მიერ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ ყველა აქტუალურ საკითხზე“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე, დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თინათინ ცერცვაძე და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენელი, მაიკო ჩიტაშვილი. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, დებატებში მონაწილე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები.
დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით დებატები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეების, დებატების კლუბების წარმომადგენელთა ჩართულობით. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დებატების კლუბების მონახულება მუშაობის პროცესში ქ. ზუგდიდში. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულები მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვლინდებიან.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას, კონსტრუქციული მსჯელობის, არგუმენტაციის უნარის, მასალების მოძიების, ორატორობის, გუნდური მუშაობის, დროის მენეჯმენტის ჩვევების ჩამოყალიბებას.