fbpx

დავით კაჭარავა კონგრესში გამართულ მოსმენებზე: ქართველმა ხალხმა დაინახა, რა გეგმები აქვთ უცხოელ „პარტნიორებს“ და აქედან გამომდინარე, საზოგადოება კიდევ უფრო მოტივირებული იქნება, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი

საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების ლუსტრაციად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საკითხის, კერძოდ „მეგობარი აქტის“ განხილვას. როგორც კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ მოსმენებზე ყველაფერი გამოაშკარავდა, კერძოდ ის, რომ მათ სურთ საქართველოში რევოლუციური გზით ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის უკრაინიზაცია.

დავით კაჭარავას თქმით, ერთი მხრივ, კონგრესში მოხდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოუდგენელი შინაარსის საკითხების განხილვა და მეორე მხრივ, იმ ძალების გამოაშკარავება, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ქაოსისა და არეულობის გზით გავლენების განმტკიცება სურთ.

„ჩვენ ვიხილეთ პროცესი საქართველოს წინააღმდეგ, შეიძლება ასეც დავარქვათ. წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისათვის დადებითი მხარეც აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, გამოაშკარავდა. ნათელი გახდა, თუ რას აპირებენ ისინი [გლობალური ომის პარტია] საქართველოში – ქვეყანაში ორგანიზება გაუკეთონ გადატრიალებას, რასაც მოყვება პროცესების უკრაინიზაცია. ეს კი, გამოიწვევს ჩვენს ომში ჩათრევას. პრინციპში ყველაფერი გამოაშკარავდა, ამ ყველაფერზე მათ ღიად ისაუბრეს და დაადასტურეს კიდეც, თუ რა გეგმები აქვთ.

კიდევ ერთხელ დაინახა ქართველმა ხალხმა,, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომლის მიერაა არჩეული დღევანდელი ხელისუფლება, თუ რა გეგმები აქვთ უცხოელ „პარტნიორებს“ და აქედან გამომდინარე, ხალხი კიდევ უფრო მეტად განეწყობა იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის პოზიციები.

რა თქმა უნდა, ამ მოსმენებში შალვა ნათელაშვილის ჩართვა, მისი წერილის გათვალისწინება ღიმილის მომგვრელია. ისაა ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აღარც მოიაზრება. მასზე თუ ვინმე რამე გათვლას აკეთებს ჩვენი ქვეყნის გარეთ, ადასტურებს იმას, რომ ის ინფორმაციულ ვაკუუმშია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი იყო სამარცხვინო, მაგრამ ძალიან დადებითი იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ იხილა – რაზეც ვსაუბრობდით, იყო სიმართლე,” – განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება