fbpx

დავით ზალკალიანი-საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები

საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და იმედია, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილისა და ჯონ ბასის შეხვედრის შემდეგ აღნიშნავს, რომ შეხვედრა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრის შემდეგ  შესაბამისი დასკვნები გაკეთდება, რაც უახლოეს პერიოდში თვალნათელი გახდება გადადგმული ნაბიჯების კუთხითაც და ასევე, იმ ქმედების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვიდეთ არსებული რთული სიტუაციიდან.

„დღევანდელი შეხვედრა მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. აუცილებელია, რომ კონტაქტები გაგრძელდეს. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, ბოლო პერიოდში კონტაქტები მუდმივად არსებობდა. მე, როგორც საქართველოს ელჩი, ვიყავი მუდმივ კავშირზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე აქტიურად საქმიანობს აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში, რომლის საქმიანობა უაღრესად პოზიტიური და კონსტრუქციულია და ისიც, ისევე როგორც მე, ძალიან მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ არსებული მდგომარეობა იყოს დაძლეული, რადგან ნამდვილად, ჩვენი თანამშრომლობა და ის ურთიერთობები, რომელიც დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ჩამოყალიბდა, არ იმსახურებს დღევანდელ მდგომარეობას და ჩვენ არათუ უნდა დავბრუნდეთ ბოლო ნიშნულზე, სადაც ვიყავით, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიყვანოთ ეს პარტნიორობა,”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თქმით, ჯონ ბასთან შეხვედრაზე ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია დღეს შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე.

“ვფიქრობ, რომ იყო ძალიან დროული, საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითად მიმართულებაზე, რაც აქტუალურია დღეს შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, გამოხატული იყო სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებული ორმხრივი სიტუაცია სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ შეეფერება იმ მდგომარეობას, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და ბუნებრივია, იყო დეტალურად საუბარი იმ გზებზე და ნაბიჯებზე, რა ნაბიჯებიც უნდა იყოს გადადგმული იმისთვის, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საქართველოს მხრიდან იყო გამოთქმული იმედი და ნება იმისა, რომ საქართველო არის ერთგული ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაძლეული იყოს დღეს არსებული სირთულეები, რადგანაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც საფუძველი 32 წლის წინ ჩაეყარა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი წლიდან და შემდგომ არსებული პრაქტიკა ურთიერთობის, ნამდვილად არ იმსახურებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც დღეს არის ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა. აქედან გამომდინარე, მე შეხვედრის მერე გამიჩნდა იმედი, რომ შესაბამისი დასკვნები გაკეთდება. ბუნებრივია, არ წავალ დეტალებში და უახლოეს პერიოდში თვალნათელი გახდება გადადგმული ნაბიჯების კუთხითაც და ასევე, იმ ქმედების მიმართულებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვიდეთ არსებული რთული სიტუაციიდან”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების, პროცესის და ყველა წინა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში.

“თქვენ იხილავდით ალბათ გამოხმაურებას, რომელიც მოჰყვა ამ შეხვედრას, თავად შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილის მხრიდან, ჯონ ბასის მხრიდან და მან ისაუბრა იმ დემოკრატიულ პროცესებზე, რაც ქვეყანაში მიდის, მოახლოებული არჩევნების კონტექსტში. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ არის ერთგული დემოკრატიული რეფორმების, პროცესის და ყველა წინა ჩატარებული არჩევნები იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში. რა თქმა უნდა, გვქონდა საუბარი რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე, რომელიც არის შექმნილი რეგიონში და საქართველო რომ ამერიკის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და დაგვიმტკიცებია ჩვენი ქმედებით და თანამშრომლობით სტრატეგიულ პარტნიორთან და გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ურთულესი გეოპოლიტიკური სიტუაციაა შექმნილი, ორივე ქვეყნის ინტერესშია, რომ ეს თანამშრომლობა იყოს თანხვედრაში და ახლო კოორდინაციაში“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.


This email was scanned by Bitdefender

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება