fbpx

დავით-გარეჯის თემაზე ირაკლი ალასანიას დაკითხავენ

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვები გრძელდება… სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩვენების მისაცემად თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიასაც დაიბარებენ.

ალასანიას გვარი ფიგურირებს „პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ ჩვენებაში, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მყოფმა ირაკლი ალასანიამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად მასალების მოძიების განკარგულება გასცა.

გეორგრაფი და გეოლოგი, ვლადიმერ მირიანაშვილი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში იხსენებს მის ურთიერთობას დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიასთან, რომლის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი და ასევე კომისიის წევრი ნატალია ილიჩევა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის გადაცემისკენ მიმართული ქმედება ედებათ.

„ჩემთვის ცნობილია, რომ ეს კომისია შეიქმნა ჯერ კიდევ 1994 წელს და პირველი ერთობლივი სხდომა აზერბაიჯანის და საქართველოს კომისიების ჩატარდა 1996 წლის ივნისსში.

2014 წლის იანვარში ჩემთან ისტორიის ინსტიტუტში მოვიდა იმდროინდელი კომისიის წევრი ნოდარ ხორბალაძე. მან მითხრა, რომ ირაკლი ალასანიას დავალებით მას დაევალა მასალების შეგროვება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დასადგენად, მათ შორის გარეჯის ტერიტორიაზე. იგი მეუბნებოდა, რომ კომისიაში ჰყავდათ მოღალატეები და დაასახელა ერთი ივერი მელაშვილი.

მისი განმარტებით, ისინი წლების წინ კომისიის მუშაობისას საზღვრის ხაზზს ალბომებში ავლებდნენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, რის გამოც ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრის კომპლექსები იდგა დაკარგვის საფრთხის წინაშე. მან საილუსტრაციოდ მაჩვენა მის ხელთ არსებული ალბომი, რომლებშიც ჩაკერებული იყო რუკები და წითელი კალმით იყო გავლებული საზღვრის ხაზები…

ამავე წლის ზაფხულში, გარეჯის ტერიტორიაზე, წმინდა დავითის ლავრაში შევხვდი მამა კირიონს. აქვე მოგახსენებთ, რომ მე მამა კირიონს ვიცნობ მისი მოსვლის დღიდან 90 წლებიდან. იგი ფაქტიურად აქ გაიზარდა, მინდა გითხრათ რომ ის ისეთი პატრიოტი, მორწმუნე, შეუვალი და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანია, რომ ძალიან გული შესტკიოდა და განიცდიდა გარეჯის პრობლემებს.

მე როდესაც შევხვდი მას ზაფხულში, მანაც ზუსტად იგივე მითხრა, რაც ნოდარ ხორბალაძემ, რომ კომისია მოღალატეობრივი ქმედებების გამო არ იყენებდა 1938 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკის ხაზზს და საქართველოს შეიძლება დაეკარგა გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ტერიტორია. მამა კირიონს იმის შემდეგაც ბევრჯერ შევხვედრივარ გარეჯის ტერიტორიაზე, სულ ამას ჩიოდა და ცდილობდა ხმა მიეწვდინა მაღალი თანამდებობის პირებისთვის

აქვე მოგახსენებთ, რომ თუ არ ვცდები 2015 წელს მამა კირიონმა მაჩვენა ამ 1938 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკის ფერადი ქსეროასლი, რომლის ხაზებში ნამდვილად მოქცეული იყო ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრის კომპლექსები. ბოლოს 2019 წლის ნოემბერში ჩემი მოთხოვნით შევხვდი კომისიის თავმჯდომარეს ლაშა დარასელიას, სადაც მე ვნახე 1938 წლის 1:500 000 მასშტაბის რუკის ასლი. სხვა შეხება კომისიას არ მქონია“, – წერს ვლადიმერ მინირიანაშვილი საკუთარ ჩვენებაში.

„პრაიმტაიმისთვის“ ასევე ცნობილი გახდა ალექსანდრე მათიაშვილის ჩვენება, რომელიც წარსულში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიწათმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ.

მათიაშვილი ყვება, რომ მის სამსახურში ინახებოდა რუკა, სადაც დავით გარეჯი მთლიანად საქართველოს საზღვრებშია მოქცეული, თუმცა წლების წინ მას ეს რუკა ივერი მელაშვილმა გამოართვა და უკან აღარ დაუბრუნებია.

„მე დამიკავშირდა ივერი მელაშვილი. იგი პირადად იყო ჩამოსული საგარეჯოს რაიონში, ჩვენს სამსახურში, სადაც მას ვაჩვენე აღნიშნული რუკა. ის დაინტერესდა ამ რუკით და მომთხოვა მისი გადაცემა. ამასთან დამპირდა, რომ რუკას მალევე უკან დამიბრუნებდა. მე მართლაც გადავეცი ივერი მელაშვილს ზემოთ აღნიშნული რუკა, რომელიც მან წაიღო და მას შემდეგ აღარ დაუბრუნებია.

რუკის წაღების დროს მე ივერი მელაშვილს ვუთხარი, რომ სადელიმიტაციო სამუშაოების დროს გაეთვალისწინებინა აღნიშნული რუკის მონაცემები, ვინაიდან იგი საქართველოსთვის კარგ პირობებს ითვალისწინებდა და შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას.

გაითვალისწინა თუ არა ივერი მელაშვილმა აღნიშნული საკითხი ჩემთვის უცნობია. მე ასევე არ ვიცი თუ რატომ არ დამიბრუნა აღნიშნული რუკა და ასევე, უცნობია თუ რა უქნა ივერი მელაშვილმა ამ რუკას“, – წერს ჩვენებაში ალექსანდრე მათიაშვილი. წტარო ,,პრაიმ-ტაიმი,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია