fbpx

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით 4 ივლისს, 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე კარვებს გაშლიან

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” წევრი გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაცია რამდენიმე სხვა ორგანიზაციასთან და მრევლთან ერთად 4 ივლისს, 19:00 საათიდან, „რუსთაველის გამზირს დაიკავებენ“ და კარვებს გაშლიან.

როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ორგანიზაციის წევრები „ღირსების მარშში“ მონაწილე პირებს დაელოდებიან. მისივე თქმით, „ღირსების მარშში“ მონაწილე პირები მათ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივლენ, თუ პოლიცია აქციის მონაწილეებს დაარბევს და ,,ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავა”.

„5 ივლისს, 13 ორგანიზაციასთან ერთად დაანონსდა შეკრება, თუმცა ჩვენ, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება”, რამდენიმე სხვა ორგანიზაცია და მრევლი ვაპირებთ კვირას, საღამოს 7 საათიდან დავიკავოთ რუსთაველის გამზირი, ორი-სამი კარავი გავშალოთ, ღამე გავათენოთ და იქ დავუცადოთ“, – აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

ცნობისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარშის” გამართვა. „ღირსების მარშის” სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება