fbpx

გიორგი ხანიშვილმა სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, სამოქალაქო კომიტეტის მიზანი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერების ხელი შეუწყობა, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესებაა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა სამინისტროში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ თანამშრომლობით ხორციელდება. რეფორმა მიზნად ისახავს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპული ტიპის წარმმართველი ორგანოსა (Managing Authority) და გადამხდელი სააგენტოს (Paying Agency) ჩამოყალიბებას.

„ინსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანია სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ გარდაქმნისთვის. რეფორმის განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი სამოქალაქო და სახელმწიფო სექტორის მხრიდან აქტიური ჩართულობა. მადლობას ვუხდი ევროკავშირის და UNDP-ის ექსპერტებს, სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარებისთვის“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამოქალაქო კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ექსპერტმა მოსაზრებები წარადგინა მსგავსი კომიტეტების მუშაობის წესზე, პროცესში მონაწილე მხარეების როლსა და ევროპულ გამოცდილებაზე.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტატისტიკური კრებულები, რომლებიც როგორც უშუალოდ მემცენარეობის და მეცხოველეობის მიმართულებების, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ამსახველ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს მოიცავს. აღნიშნული პუბლიკაციები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების საკითხებით დაინტერესებული საჯარო და სამოქალაქო პირებისთვის.

სამოქალაქო კომიტეტის ონლაინ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროების, სამოქალაქო კომიტეტის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და ექსპერტი ევროკავშირის სოფლის განვითარების საკითხებში ესწრებოდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება