საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა.
„მე ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისევე, როგორც მთელ გუნდს. საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ჩვენი მოლოდინი სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე – მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ.
ოპოზიციამ 1 წელი მოანდომეს იმას, რომ როგორმე ჩაეშალათ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შეეფერხებინათ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე და ამისთვის აკეთეს ყველაფერი და უკადრებელიც იკადრეს. უზარმაზარი თანხები დახარჯეს ამ უგვანო ლობისტურ საქმიანობაში.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არის ორმხრივი პროცესი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, ასევე ევროკავშირს სჭირდება საქართველო სტრატეგიული მოკავშირის სახით. მე ვფიქრობ, საქართველო არის ის პატარა ფანჯარა, რომელიც ევროპას ახლა გაჭრილი აქვს და დიდი უგუნურება იქნება ამ ფანჯრის დახურვა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.