fbpx

გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება-კახა კალაძე

გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა  კახა კალაძემ  თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გამგებლები და მათი თანამშრომლები უპასუხისმგებლოდ მოეკიდებიან შეტყობინებებს, რომელიც გამგეობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შევა, გამგებლები თანამდებობას დატოვებენ.

კალაძის თქმით, არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს მოსახლეობასა და გამგებლებს შორის კომუნიკაციაში.

„გამგებლებს, ვინც აგრძელებთ მუშაობას თქვენს რაიონებში და ხართ მთავრობის წარმომადგენლები, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს მომდევნო 4 წელი, იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს ელოდება ჩვენგან – ამიტომ, განსაკუთრებული კომუნიკაცია, განსაკუთრებული ურთიერთობა თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან. არ უნდა იყოს რაღაც ბარიერები, თუნდაც გამგებელთან შეხვედრასთან დაკავშირებით, თუნდაც ინფორმაციის მიღებასთან მიმართებით. არანაირი ბარიერი არ უნდა არსებობდეს, მაქსიმალური კომუნიკაცია, აუცილებელი და სწრაფი რეაგირება ზარებზე. არ უნდა მოხდეს ისე, როგორც მაშინ, როდესაც, მაგალითად, პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, იყო შემოსული შეტყობინება და ამას არ ჰქონდა რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და არა ის კონკრეტული თანამშრომელი აგებს პასუხს და მიიღებს მხოლოდ შენიშვნას ან დაჯარიმდება, გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას, გაითავისეთ ეს ყველამ კარგად. გამგებლები აგებთ პასუხს, როდესაც შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან მიმართებით, თქვენ ხართ პასუხისმგებლები თბილისელებთან და თქვენი რაიონის მცხოვრებლებთან მიმართებით. ის თქვენი თანამშრომელი თუ უპასუხისმგებლოდ იქცევა, თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და ამიტომ ისე დაალაგეთ და ისე გადაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. რომ იცოდეთ, არავის არ მოვერიდებით. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის ხალხი, მთავარი და მნიშვნელოვანი არის დედაქალაქის მოსახლეობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება, გაათმაგებული ენერგიით, ენთუზიაზმით, მივხედოთ ამ ქალაქს, საზოგადოებამ ჩვენ გვანდო ეს ქალაქი და მათთან ერთად, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად, ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი დანაპირები და უნდა განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები, რომელიც ასე სჭირდება ამ ქალაქს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია