fbpx

აფროსნობა ბათუმში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

.ბათუნში, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა აფროსნობის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სკოლები და კლუბები მონაწილეობენ.
ტურნირის ორგანიზატორი აჭარის აფროსნობის ფედერაციაა.
ქართველი აფროსნები, გამარჯვებისთვის ერთმანეთს, სამი დღის განმავლობაში შეეჯიბრებიან.
„ბათუმისთვის და ბათუმელებისთვის, სპორტის ეს სახეობა, აფროსნობა, ძალიან ახლობელი და ორგანულია, რადგან ზღვასთან და საზღვაო ქალაქთან ასოცირდება. ბათუმს აქვს დიდი ტრადიცია, სპორტის ამ სახეობაში, თუმცა, სამწუხაროდ, 30 წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით სრული წყვეტა იყო და ჩვენი დიდი მცდელობით, ის დაბრუნდა. დაბრუნდა საუკეთესო სამწვრთნელო გუნდით და გამოცდილებით.
არ იყო მარტივი, ასეთი პასუხისმგებლობის აღება, თუმცა გუნდური მუშაობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ჩვენ ეს შევძელით. სკოლა გამართულად მუშაობს ჩვენი ფედერაციის ბაზაზე და მოზარდებს საშუალება აქვთ, ამ სპორტს დაეუფლონ, სრულიად უფასოდ, რაც დამატებითი სტიმულია, ყველა მათგანისთვის“,-ამბობს კლუბის მთავარი მწვრთნელი, მიხეილ კილასონია.
ღია პირველობის გახსნას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ნიჟარაძე დაესწრო, რომელმაც აფროსნობის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„სამი დღის განმავლობაში, ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს ღია პირველობას აფროსნობაში. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო წამოწყებაა. მადლობა, ამ ინიციატივის ავტორებს. ჩვენ, ყველა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივას მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ აუცილებლად, რადგან ბათუმისთვის საწყლოსნო სპორტის სახეობები ძალიან სიმბოლურია. სიმბოლურია ისიც, რომ სპორტის ამ სახეობაში, პირველი გაცურვა ბათუმიდან სოხუმში მოხდა, წლების წინ და დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს, ბათუმიდან სოხუმამდე, უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ისევ გავცურავთ აუცილებლად“,-განაცხადა, ირმა ნიჟარაძემ.
„ჩვენი ხარჯებით შევძელით და შევიძინეთ 14 აფრიანი და 2 მოტორიანი ნავი, რომლითაც მიმდინარეობს ყოველდღიური სასწავლო ვარჯიშები. ასევე ვგეგმავთ ოლიმპიური კლასის ნავების 50-მდე გაზრდას. ეს საშუალებას მოგვცემს, მომავალში, ბათუმმა უმასპინძლოს სხვადასხვა შეჯიბრს, როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპორტსმენების მონაწილეობით“,-ამბობს, აჭარის აფროსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დომენტი აფაქიძე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უახლოეს მომავალში, აჭარის აფროსნობის ფედერაცია გეგმავს შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვები და მოზარდები მიიღოს სკოლაში. შესაბამისო ინვენტარის შეძენაზე ზრუნვა, უკვე დაწყებულია. შესაბამისად, სპორტსმენებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ პარასპორტულ ღონისძიებებში, საქართველოსა და საერთაშორისო ასპარეზზე.
აჭარის აფროსნობის ფედერაცია, 2023 წელს დაფუძნდა და ვეტერან აფროსნებთან ერთად, ახალი თაობის სპორტსმენებს აერთიანებს.
ფედერაციის ბაზაზე მოქმედებს აფროსნობის სკოლა, რომელშიც მოზარდები და უროსი ასაკის მსურველები, სპორტის ამ სახეობას, სრულიად უფასოდ ეუფლებიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება