fbpx

არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეების უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული- გახარია

პრემიერ-მინისტრი  გიორგი გახარია ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არავის მიეცემა უფლება, საქართველოს მოქალაქეების უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული.

როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მთავრობა იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის.

“რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტია, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის ის, ჩვენ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის.

ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეების უფლებები რაიმე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა, ასევე, არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.

შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, სახელმწიფო და შსს იმოქმედებს უმკაცრესად”. – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა აცხადებს, რომ ხელისუფლება და სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სოფელ ბუკნარში კონფლიქტი ექსცესების გარეშე მოგვარდეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება