fbpx

არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” ახალ განცხადებას სოლიალური ქსელით ეხმაურება.

“ყველა ჩვენგანი არის ამა თუ იმ თემისა თუ პროფესიული სპეციალიზაციის მატარებელი, შესაბამისი განათლებით, გამოცდილებით, ნამსახურეობით. ზოგი ბრმად, ტაქტილურ დონეზე ერკვევა ჩალახაჯსა და ანტრეკოტს შორის კუნთოვან განსხვავებაში და ამასთანავე გვაჯერებს, რომ ასეთივე წარმატებით ერკვევა CIA-ს და MI-6 ვთქვათ, ვატიკანის კარზე ან იტალიურ “ნდრანგეტაზე” თავის ზეგავლენების თავისებურებებში.

მე არ ვარ ესოდენ მრავალპროფილური და უნივერსალური “სპეციალისტი”, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალა”-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადება პროფესიული ნიშნით მომხვდა თვალში. საუბარი მიდის ქართული საზოგადოების კიდევ ერთი ნიშნით პოლარიზებაზე, ამჯერად – აგენტურული მიკუთვნილობის ნიშნით. დღევანდელი ტოტალური ლუსტრირების ეპოქაში, უცხო ქვეყნების გაშიშვლებული აგენტები, პრევენციულად ცდილობენ – “კარგ” და “ცუდ” აგენტებს შორის განყოფი ხაზები გააბან და თითის შვერით ასწრებენ ერთმანეთს სხვადასხვა პოლიტიკურ შოუებსა თუ სოციალური ქსელების გვერდებზე.

ჩნდება დისკუსიები, რომ “КГБ”-ს აგენტურა – მტერია, ხოლო “CIA”-ს აგენტურა – მოყვარე. ამ ორ მოცემულობას შორის თუ ჩნდება კრიტიკული შეხედულება – რომ ორივე ცუდია, მომენტალურად “რუსეთუმეს” სარჩულს გაკერავენ. ოცნების ყოფილი დეპუტატების განცხადებაში შემხვდა ფრაზა: “არაერთ შემთხვევაში კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა ამერიკულ სპეცსამსახურებში პირდაპირ რუსული სპეცსამსახურებიდან ამოყვეს თავი. ეს ფაქტი თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ აგენტი სხვა სახელმწიფოს სამსახურში არა მისი პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ მხოლოდ უპრინციპობისა და უსამშობლობის გამო დგება” – აქვე დავამატებ, რომ არა მხოლოდ ამიტომ. ყველა ღალატს თან მოსდევს ფინანსური კვალი, რამეთუ “ფული არ ყარს”.

გაჰყევით ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის, რომლის “აქეთა” თუ “პირიქითა” აგენტურისადმი მიკუთვნილებას ვეჭვობთ – საკუთარ თავზე თუ უახლოეს წრეზე გაფორმებული არადეკლარირებული ქონების კვალს, და თქვენ პოტენციური აგენტის წინაშე აღმოჩნდებით, რომელიც რა თქმა უნდა, ამავდროულად უპრინციპოც იქნება და უსამშობლოც. ეს არის აგენტურის გამოვლენის უტყუარი ინდიკატორი.

საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, ფარული თანამშრომლობის მხოლოდ ერთ ფორმას აღიარებს: საიდუმლო პირი ანუ კონფიდენტი – რომელიც საკუთარ სამშობლოზე კონტრაქტის საფუძველზე მუშაობს ნებაყოფლობით, პატრიოტულ საფუძველზე და მე მათ წინაშე – ქედს ვიხრი. ყველა დანარჩენი, ამა თუ იმ სახელმწიფოზე მომუშავე “უხილავი ფრონტის მეომარი” – იყო არის და იქნება ამ ქვეყნის მტერი, მისი სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობის მწარმოებელი. ზოგი – “შენელებული მოქმედებისა და დროში გაწელილი ნაღმის”, ზოგი “მოლოტოვის კოქტეილის” რეჟიმში მოყვანილი. ამიტომ – საზოგადოების დონეზე უნდა ხდებოდეს მათი დაუღალავი მხილება, ხოლო სპეცსამსახურის დონეზე – შესაბამისი კონტრსაქმიანობის წარმოება”.წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება