fbpx

ანრი ოხანაშვილი ხატის დაზიანებაზე – ასეთი ტიპის ქმედებები, რის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დადგა, დასჯადია ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თვალსაზრისით საკანონმდებლო ინიციატივას დავაინიციირებთ

სისხლის სამართლის კანონმდებლობა დღეს ითვალისწინებს მთელ რიგ შემადგენლობებს, რომელიც უკავშირდება რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლას. ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის ქმედებებს – ძალადობას, მკვლელობას, ჯანმრთელობის დაზიანებას, ჩადენილს მათ შორის, რელიგიური ნიშნით, როგორც დამამძიმებელ გარემოებებს. რაც შეეხება იმ სახის ქმედებას, რის წინაშეც ჩვენი საზოგადოება დადგა, ასეთი ტიპის ქმედებები დასჯადია ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში ხატის დაზიანების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, საქართველოს კანონმდებლობა მსგავსი შემთხვევების დროს, შესაბამის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაც ჩადენილი ქმედების პროპორციული არ არის, შესაბამისად, მმართველი გუნდი ამ კუთხით კანონმდებლობის გამკაცრებას გეგმავს, როგორც ეს ევროკავშირის წევრ სხვადასხვა ქვეყანაშია.

“ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, დღეს, ასეთი ქმედება ამ ფორმით, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია, დასჯადი არ არის, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთი ტიპის ქმედებისთვის ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას. მე არ შევდივარ შეფასებაში, შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა, შეაფასონ და მისცენ კვალიფიკაცია კონკრეტულ ქმედებას, თუმცა, შემიძლია გითხართ, რომ ის პასუხისმგებლობა, რაც გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით ასეთი ქმედებისთვის, არ არის ჩადენილი ქმედების პროპორციული, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის გადახედვა და როგორც აღვნიშნე, ჩვენ დავაინიციირებთ უახლოეს პერიოდში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრების თვალსაზრისით საკანონმდებლო ინიციატივას, სადაც იქნება წარმოდგენილი ახალი შემადგენლობა ახალი დანაშაულის სახით, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სასულიერო პირების ინფორმაციით, აქტივისტმა ნატა ფერაძემ სამების საკათედრო ტაძარში წმინდა მატრონას ხატს საღებავი შეასხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება