fbpx

ამ ეტაპზე ,,ფარმადეპოში,, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად შეგიძლიათ

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით საქართველოში თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა. ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა განახევრებულ ფასად, ხშირ შემთხვევაში კი 60%-80%-ით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ფარმაცევტული კომპანიები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თურქულ მხარესთან, რათა მედიკამენტების ჩამონათვალი უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი გახდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით “კვირა” “ფარმადეპოს” ქსელის ხელმძღვანელს, ქეთი კოზმანაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, “ფარმადეპოს” აფთიაქებში თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების შეძენა უკვე შესაძლებელია.

“ფარმადეპოში 32 დასახელების მედიკამენტი იყიდება. პირველი იყო და არის “ფარმადეპო”, რომელმაც შემოიტანა ეს მედიკამენტები. 32-ვე დასახელების მედიკამენტის გაყიდვა უკვე დაწყებულია და ხელმისაწვდომია. მედიკამენტები არის გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის, დიაბეტით და ნერვოლოგიური დაავადებებისთვის, ძირითადად ქრონიკული დაავადებებისთვის.

რაც შეეხება ფასებს, აქ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არსებობს ორი ბაზრისთვის გათვლილი მედიკამენტები – ისინი, რომლებიც ისედაც არსებობდა – ევროპული ბაზრებისთვის წარმოებული მედიკამენტები, ახლა რეგულაციების ცვლილების შესაბამისად, ჩვენთვის როცა გაიხსნა თურქული ბაზარი უკვე ხელმისაწვდომია თურქული ბაზრისთვის წარმოებული მედიკამენტები. რაც შეეხება ამ ორ ბაზარს შორის ფასის სხვაობას 46-დან 80%-მდეც კი მერყეობს. იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიყვანოთ, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ მედიკამენტი კი არ გაიაფდა, შემოვიდა სხვა ალტერნატივა. ის რაც იყო არსებობს და დაახლოებით იმ ფასებშია როგორც აქამდე იყიდებოდა და დაემატა სხვა. ანუ ევროპული ბაზრისთვის წარმოებული მედიკამენტი რაც ღირდა, იგივე ღირს დღესაც, უბრალოდ დაემატა თურქეთიდან იმპორტირებული ალტერნატივა.

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტი მედიკამენტი შემოვიტანოთ. შეკვეთები გაკეთებულია, რომ ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდეს. გამომდინარე იქედან, რომ ცვლილება დიდი ხანია არ შესულა ძალაში, როდესაც ჩვენ მივმართეთ მომწოდებელს გაზრდილი შესყიდვით, მათ სრულად ვერ დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა, ამიტომ ამ ეტაპზე თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები “ფარმადეპოს” რამდენიმე აფთიაქში იყიდება, მაგრამ ვმუშაობთ, იმაზე, რომ უახლოეს რამდენიმე დღეში სრულ ქსელში იყოს ხელმისაწვდომი”,- განაცხადა კოზმანაშვილმა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, დაახლოებით, 1 თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტის, მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი. ორ მსხვილ იმპორტიორს რამდენიმე კვირაა, თურქეთიდან შემოაქვს მედიკამენტები და ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელში უკვე არის 35-ზე მეტი მედიკამენტი. ასევე, რეგისტრაციაზე ჯანდაცვის სამინისტროში შესულია, დაახლოებით, 50 განაცხადი, რომელიც დაჩქარებული რეჟიმით რეგისტრირდება. თურქეთიდან იმპორტირებული მაღალი ხარისხის მედიკამენტები იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე განიხილა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

სტამბოლში პირადად ვიმყოფებოდი ორ უმსხვილეს, ფარმაცევტულ კომპანიაში რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც ხვდება ბაზარზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, ძალიან მაღალი ხარისხისა და სტანდარტების მედიკამენტები იწარმოება. მათ მიერ გაცემული დოკუმენტი კი საკმაოდ მაღალი სანდოობის არის, გამორიცხულია, რომ ამის უკან რაიმე პრობლემა იყოს. ასევე, ნებისმიერი იმპორტირებული მედიკამენტის შემთხვევაში, აუცილებელი წესით, ივნისიდან წლის ბოლომდე, ყველა იმპორტიორს ვთხოვთ GMP სტანდარტისა და სერტიფიკატის წარმოდგენას. ესეც თავის მხრივ, აზღვევს ფალსიფიკაციისა და უხარისხო მედიკამენტების ჩვენს ბაზარზე მოხვედრის რისკს“, – აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი.

ამასთან, მთავრობის ინფორმაციით, მედიკამენტები, რომელთა ფასიც საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული არის: გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ; იანუვია ტაბლეტი 100მგ; იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ; ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი; ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ; ატაკანდი ტაბლეტი 16მგ; ბრილინტა ტაბლეტი 90მგ; დიოვანი ტაბლეტი 160მგ; კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ; კონკორი ტაბლეტი 10მგ​; კრესტორი ტაბლეტი 20მგ; ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ; აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ ფლაკონი; ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ ტუბი; არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ; სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი. მათივე ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება