მოსახლეობის ცხოვრების დონისა და მათთვის საუკეთესო საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი პირველ მოადგილესთან, დავით ვარდიაშვილთან, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან, მარინა გაჩეჩილაძესთან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქიმაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, შმაგი ბიძიშვილთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა სოფელ აბასთუმანში ე.წ „კურცხანა“ -ს სასმელი წყლის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა.
აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც: სოფელ საირმეში შიდა საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 1150 მეტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარი მოეწყობა, მიერთებებით, მილ-ხიდებით, გვერდულებითა და ეზოში შესასვლელებით. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება, რომლის საერთო ღირებულება 658 400 ლარს შეადგენს. დაწყებულია წახანი-ქიქინეთის დამაკავშირებელი გზის და სოფელ აბასთუმანში მშენებარე პარკინგის მიმდებარედ საევაკუაციო გზის მოწყობის სამუშაოები.
ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება
სოფელ უდეში ე.წ „ხანდაკის“ უბნის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. აღნიშნულ ლოკაციაზე 1700 მეტრის მონაკვეთზე რკინა-ბეტონის გზა მოეწყობა, ეზოში შესასვლელებით, მიერთებებით, საყრდენი კედლებით და სანიაღვრე არხებით.
აღსანიშნავია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ისეთ სოფლებში ხორციელდება, სადაც ჯერ არ ყოფილა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით მალე ადგილობრივები ისარგებლებენ და მათთვის გადაადგილება მეტად კომფორტული გახდება.





