fbpx

ადიგენის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა


ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, მოადგილეებთან – არსენ ბალახაშვილსა და სოსო რეხვიაშვილთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და 2023 წლის ანგარიში წარადგინა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა მიმდინარე წელს განხორციელებულ პროექტებზე, პროგრამებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
მერმა დეტალურად განიხილა განხორციელებული პროექტები და საჭიროებები რომლებზე მუშაობაც გრძელდება. როგორც გოჩა ქიმაძემ შეხვედრისას აღნიშნა, მერიის საქმიანობისას მთავარი ამოსავალი პრინციპი მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობაა.
„ერთი წლის განმავლობაში 2 300–ზე მეტ ადგილობრივთან გავმართე ინდივიდუალური შეხვედრა. ამასთან, ინტენსიურად იმართება მოსახლეობასთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატშიც.
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2023 წელს 37 პროექტი განხორციელდა, ჯამში 17.955 კმ მონაკვეთზე მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება. მოეწყო ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოები 16,113 კვ/მ მონაკვეთზე.
გარე განათების ქსელი 24 სოფელში და დაბა ადიგენში მოეწყო. პროექტების ჯამური ღირებულება 594 168 ლარს შეადგენს.
მიმდინარე წელს განხორციელდა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, მათ შორის ერთი მასშტაბური პროექტი ე. წ „კურცხანის“ სასმელი წყლის ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 540 500 ლარია და დასრულებული პროექტით 8 სოფელი სარგებლობს.
2023 წელს სარწყავ-სანიაღვრე სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მათ შორის პატარა სმადისა და ბოლაჯურის წყალსატუმბი სადგურის შენობას, ასევე სარწყავი წყლის სისტემისათვის ტუმბოს, ძრავისა და მილების შეძენა განხორციელდა.
რაც შეეხება, საბავშვო ბაღების, სასკოლო და სპორტულ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ვფიქრობ, რომ თუ ფული სადმე არის დასახარჯი, პირველ რიგში, უნდა დაიხარჯოს განათლებაზე, რომ გვყავდეს განათლებული მომავალი თაობა, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა.
მიმდინარე წელს სოფელ აბასთუმანში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა, მიმდინარეობს სოფელი უდის N1 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია, ასევე დაგეგმილია დაბა ადიგენში დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობა. სამი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ ბაღს, ხოლო ორის მიმდინარეობს.
7 სოფელში მოეწყო მინი სტადიონი, ასევე 2 რეკრეაციული სივრცე, ხოლო ერთის მოწყობა მიმდინარეობს.
ჩემი აზრით, ადიგენის ახალგაზრდები და ადგილობრივები იმსახურებენ ესტრადის ვარსკვლავების კონცერტებსა და მათთან ერთად ყოფნის შესაძლებლობას. ამიტომ, ჩვენ უკვე ტრადიციად ვაქციეთ და მიმდინარე წელს რამდენჯერმე მოვიწვიეთ ცნობილი მომღერლები. ჩავატარეთ გრანდიოზული ღონისძიებები, მათ შორის, დავაარსეთ „ადიგენობის“ დღე და წელს პირველად ვიზეიმეთ.
ასევე მოეწყო სხვადასხვა სპორტული თუ კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება. არაერთხელ გავმართეთ დასუფთავებისა და გამწვანების მასშტაბური აქციები.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ახალგაზრდების მიმართულებით გვქონდა არაერთი საინტერესო პროგრამა, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ, ამიტომ ცეკვისა და სკოლის მოსწავლეებს სწავლას მერია სრულად უფინანსებს. მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს მერიისაგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნივთები გადაეცათ, ასევე საბავშვო ბაღებში საუკეთესო სასაჩუქრე პაკეტები დავურიგეთ ჩვენს პატარებს. ჩვენ დაწესებული გვაქვს რაიონში მაცხოვრებელი წარმატებული სპორტსმენებისთვის ჯილდო”, – განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
ანგარიშის წარდგენისას მერმა მერიის სოციალურ-ეკონომიურ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, ადიგენის მერია 1 400-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, ჯამში 469 391 ლარით.
დღესვე გოჩა ქიმაძემ მერიის სამსახურების მუშაობა შეაჯამა.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, მე და ჩემი გუნდი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწორედ იმ დაპირებებსა და საჭიროებებზე ვმუშაობთ, რომელიც მოსახლეობასთან ინტენსიური ურთიერთობებისა და კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა. ცხადია, ჩამოთვლილით არ დასრულებულა ადიგენის მუნიციპალიტეტის განვითარება და მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ პროექტებზე მუშაობას”, – აღნიშნა მერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება