fbpx

New York Times: ისრაელმა ღაზაში ისრაელის ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად ამერიკელ კანონმდებლებს შორის პროისრაელური გზავნილების გავრცელება დააფინანსა

ისრაელმა დააფინანსა გავლენის კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამერიკელ კანონმდებლებს შორის და ამერიკულ საზოგადოებაში პროისრაელური გზავნილები უნდა გაევრცელებინა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კამპანიის მიზანი იყო ღაზაში ისრაელის ქმედებებისადმი მხარდამჭერი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

კამპანია გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს X-ის პლატფორმაზე. კამპანიის პიკზე ათასობით ყალბი ანგარიშის შექმნელები X-ზე თავს ამერიკელებად ასაღებდნენ, მათ სამიზნეებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის წევრი ჰაკიმ ჯეფრისი და ჯორჯიის შტატის სენატორი რაფაელ უორნოკი. ყალბი X-მომხმარებლები მოუწოდებდნენ მათ, გააგრძელონ ისრაელის ჯარის დაფინანსება.

როგორც NYT-ს ოთხმა ისრაელელმა წყარომ განუცხადა, ფარული კამპანია ისრაელის დიასპორის საკითხთა სამინისტრომ დაუკვეთა. ოპერაციის განსახორციელებლად 2 მილიონი დოლარი გამოიყო და მისი განხორციელება თელ-ავივში მდებარე პოლიტიკური მარკეტინგის ფირმა Stoic-ს დაევალა.

X-პოსტების უმრავლესობის დასაწერად ჩატბოტი ChatGPT გამოიყენებოდა. კამპანიის ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი ყალბი ინგლისურენოვანი საინფორმაციო სააგენტო, რომლებიც პროისრაელურ სტატიებს აქვეყნებდნენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება