მსოფლიო პოპვარსკვლავის ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე
საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, „დინამო არენას“
მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და
მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე
მოემსახურება.
„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით,
„დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები
და მეტრო, გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს.
აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული
მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების
შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ
პირებს, მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე, სოციალურ ქსელში,
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიას“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო, „დინამო
არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება.
შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.