„ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებამ შესაძლოა ევროკომისიის კოლექტიური გადადგომა და ახალი კომისრების დანიშვნის რთული პროცესის დაწყება გამოიწვიოს,“ – Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ ამ შინაარსის პუბლიკაციას სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ეხმიანება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უნდობლობის წარმატებული გამოცხადება მთელ ევროკომისიას გადადგომისკენ აიძულებს. „მე და Politico დღეს „ერთ ტალღაზე” ვართ 15 ივლისის მოლოდინის წინ. ევროსაბჭოთა კავშირი ნელ-ნელა უახლოვდება თავისი განვითარების ორ ნაცნობ და გარდაუვალ სტადიას: „перестройка” და „гласность”. ამას კი რა უნდა მოჰყვეს – ესეც ძალიან კარგად მოგვეხსენება. უბრალოდ, თუ მართლაც მოიცლიან ჩვენთვის, ეს უბრალოდ დააჩქარებს ფინალს… მაშ ასე, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი ევროპარლამენტში უნდობლობის გამოცხადებამ შესაძლოა ევროკომისიის კოლექტიური გადადგომა და ახალი კომისრების დანიშვნის რთული პროცესის დაწყება გამოიწვიოს – წერს Politico. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ კენჭისყრის შედეგი, სავარაუდოდ, სიმბოლური იქნება და რეალურ გადადგომას არ გამოიწვევს, თუმცა, ეს ასახავს ბრიუსელში ფონ დერ ლაიენის მიმართ მზარდ ნეგატიურ განწყობას საკამათო გადაწყვეტილებებისა და სკანდალების სერიის შემდეგ. Politico ხაზს უსვამს, რომ უნდობლობის წარმატებული გამოცხადება მთელ ევროკომისიას გადადგომისკენ აიძულებს და 27 ახალი კომისრის დანიშვნის რთული პროცედურის დაწყებას გამოიწვევს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს: 1999 წელს ჟაკ სანტერის მთელი კომისია კორუფციის ბრალდებების გამო გადადგა. Politico დასძენს, რომ კორუფციული სკანდალები რეგულარულად ხდება როგორც ევროკომისიაში, ასევე ევროპარლამენტში, მაგრამ ისინი ძალიან იშვიათად მთავრდება სასამართლო პროცესებით ან გადადგომით – ვნახოთ, რა განვითარება ექნება ყოველივე ამას ამჟამად,“ – წერს დავით ქართველიშვილი.