“ბოლო ტენდენციები საქართველოს ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური ზრდის ტემპებისა თუ კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებისა, არის ცალსახად კეთილსაიმედო და გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ, გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევის მიხედვით, საქართველომ, კეთილდღეობის ახალი, ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რომლის მიხედვით, ქვეყანა საუკუნის საუკეთესო სამეულშია, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით კი, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. დუნდუამ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ატლანტიკური საბჭო“ მხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით არ აფასებს კეთილდღეობის მაჩვენებელს, არამედ, მას მრავალგანზომილებიანი შეფასების სისტემა აქვს, რომელიც ექვს ფაქტორს ითვალისწინებს. „სავალუტო ფონდმა, აპრილში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ერთ სულზე, რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკების ზრდის ტემპით გავიდა საუკუნის საუკეთესო სამეულში და პროგნოზის მიხედვით, 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს ამ ლიდერობას. ამის შემდგომ პერიოდში სავალუტო ფონდმა, ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, კიდევ გაზარდა მაჩვენებელი და სულ ახლახანს გამოქვეყნდა „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევა, რომელიც კეთილდღეობის ინდექსს აწარმოებს. კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით, საქართველომ მიიღო ახალი ისტორიული მაქსიმუმი, 100-პროცენტიანი სისტემის შეფასების 75,5 პროცენტი, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია, შესაბამისად, მივიღეთ კარგი ვითარება. ვგულისხმობ იმას, რომ ამ კვლევის მიხედვითაც, კეთილდღეობის გაუმჯობესებით, საქართველო საუკუნის საუკეთესო სამეულშია, ხოლო, 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესის მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ეს რას ნიშნავს: „ატლანტიკურ საბჭოს“, არამხოლოდ შემოსავლების დონის მიხედვით აქვს გააზრებული კეთილდღეობის მაჩვენებელი, ის ითვალისწინებს ექვს ფაქტორს, ესენია: შემოსავლების დონე, სოციალური თანასწორობა, ჯანდაცვა, განათლება, გარემოს დაცვა და უმცირესობის უფლებების დაცულობა. შინაარსობრივად, კეთილდღეობის მრავლისმომცველი, მრავალგანზომილებიანი შეფასებაა,“- განაცხადა მიხეილ დუნდუამ. მისივე თქმით, საქართველომ მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და მხოლოდ 6 ადგილი აშორებს კეთილდღეობის მაღალი სტატუსის მინიჭებამდე. დუნდუამ აღნიშნა ისიც, რომ საქართველომ, კეთილდღეობის ინდექსით, გაასწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ ზოგიერთ ქვეყანას და ასევე, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. „საქართველო გავიდა მსოფლიოში 47-ე ადგილზე, მიიღო „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი და 6 ადგილით დაწინაურება სჭირდება იმისთვის, რომ კეთილდღეობის მაღალი დონის სტატუსი მიენიჭოს მას. ამასთან, საქართველომ გაასწრო კეთილდღეობის ამ ინდექსის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, მაგალითად, ბულგარეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას. საქართველოს, ამ თვალსაზრისით, დიდი მიღწევა აქვს და კარგად ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება. მიმდინარე შეფასებით, კეთილდღეობის უფრო ფართო გააზრებით, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალურ-ეკონომიკური და უფლებრივი თვალსაზრისით, მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი. დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე მიიღებს როგორც მაღალი კეთილდღეობის დონის მქონე ქვეყნის სტატუსს, გარდა ამისა, მალე მიიღებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსს.“ – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.