პრობლემა იყო ის, რომ მათთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ხელისუფალი. უფრო მეტიც, დამრჩენია განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემს ნაცვლად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტიორი ზურაბ ადეიშვილი, მას უფრო მეტ ხელშეწყობას მისცემდნენ და შესაძლოა, უფრო მალეც მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უვიზო რეჟიმი და შესაძლოა, არც ეკითხათ, ციხეში რა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხს განიხილავენ. წულუკიანის განცხადებით, თითქოს, ევროპული მხარისთვის მთავარი იყო, საქართველოში მათი ნებისმიერი დავალების შემსრულებელი მთავრობა ყოფილიყო და რეალურად, ადამიანის უფლებების მდგომარეობას და დემოკრატიის ხარისხს მნიშვნელობა არ ჰქონდა. „იუსტიციის სამინისტრო, ვიყავით რა უვიზო მიმოსვლის ე.წ. „როუდ მეფის“, ანუ საშინაო დავალებების ოთხიდან მინიმუმ ორ ბლოკზე პასუხისმგებელი, შესაბამისად, ძალიან ბევრი შეხვედრის ჩატარება მიწევდა მე, ჩემს თანამშრომლებს, ხშირად მქონია შემდეგი განცდა, რომ პრობლემა ის კი არ იყო, რომ რომელიმე რეფორმა არ იყო წარმატებული – ამას თვითონაც ბიუროკრატები და საჯარო მოხელეები ბრიუსელში დაუინტერესებელ და უანგარო დოკუმენტებს წერდნენ, რომ ეს ყველაფერი იყო წარმატებული. პრობლემა იყო ის, რომ მათთვის მიუღებელი იყო „ქართული ოცნება“ როგორც პოლიტიკური ხელისუფალი. უფრო მეტიც, დამრჩენია განცდა, რომ ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ჩემს ნაცვლად მაგიდასთან მჯდარიყო მწვალებელი, რეკეტიორი ზურაბ ადეიშვილი , მას უფრო მეტ ხელშეწყობას მისცემდნენ და შესაძლოა, უფრო მალეც მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უვიზო რეჟიმი და შესაძლოა, არც ეკითხათ, ციხეში რა ხდება, ბავშვებს რატომ ემუქრებით გაუპატიურებით, მოლაშვილს რატომ დააწვით ზურგზე სიგარეტის ნამწვავები, რატომ აუპატიურებდით ცოცხით ზოგიერთ პატიმარს, რატომ ჩაახშეთ თქვენ მიერვე დაგეგმილი ბუნტი ორთაჭალის ციხეში, რატომ გააუქმეთ რეალურად სასამართლო, რატომ გყავთ 30 ათასამდე პატიმარი, რატომ აუბედურებთ ბიზნესს, რატომ მოკალით როინ შავაძე, სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, გამცემლიძე, დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა და კიდევ რამდენი ერთი ჩამოვთვალო – ამას კი არ ჰკითხავდნენ, არამედ, შეიძლება კიდევ მეორედ ეწოდებინათ მათთვის ყველაზე დემოკრატიული შუქურა მსოფლიოში და რეგიონში, უვიზოც უფრო ადვილად მიეცათ და ამ დროს, ჩვენს თვალში, ბეწვს ეძებდნენ. ეს განცდა მქონდა ხოლმე ყოველთვის, იმიტომ, რომ თითქოს, მათთვის მთავარი იყო საქართველოში მათთვის პოლიტიკურად მისაღები „ხელის ბიჭი“ მთავრობა ყოფილიყო, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეუსრულებდა, მათ შორის, მაგალითად, გახსნიდა მეორე ფრონტს, ცალ ფეხზეც დადგებოდა ასკინკილით და რეალურად, მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანის უფლებების მდგომარეობა, დემოკრატიის ხარისხი როგორი იქნებოდა. თითქოს, ამიტომ იყო გარკვეული იმედი, მათ შორის, პოლონელი დეპუტატის სარიუშ ვოლსკის მხრიდან, რომ იქნებ ესენი შეიცვალონ და მერე მივცემთ უვიზო რეჟიმს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.