„ხალხის ძალა“ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ბოლოდროინდელ განცხადებებს პასუხობს.
როგორც წერილში ვკითხულობთ, ევროკაშვილის ბიუროკრატიამ კარგა ხანია, ნიღაბი ჩამოიხსნა და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამავე დავალებას ასრულებს ოფიციალური ბრიუსელის წარმომადგენელი პაველ ჰერჩინსკიც.
„ასეა თუ ისე, დღეს საქართველოში ევროკავშირს წარმოადგენს ადამიანი, რომელიც სრულად დაცლილია იმ ევროპულობისა და ევროპული ღირებულებებისგან, რასაც უნდა წარმოადგენდეს, ისევე, როგორც მისი პატრონი, „დიფ სთეითისა“ მიერ მართული ოფიციალური ბრიუსელი. ევროკავშირის ბიუროკრატიამ კარგა ხანია ჩამოიხსნა ნიღაბი და „დიფ სთეითის“ დავალებით, უკვე ღიად ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტს.
ამ ძალებისგან მომავალი საფრთხეზე ღიად საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“. ასევე, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი, რომლის თქმითაც, მათ სურთ რომ დაანგრიონ „დიფ სთეითი“, რომელიც ბრიტანეთს მართავს და ამერიკულზე უფრო ძველიცაა და უფრო ფართოდ გავრცელებულიც. ასევე, გავიხსენოთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი ებრძვიან ორგანიზებულ ჯგუფს, რომელსაც სოროსის იმპერია ჰქვია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებს უხდიდა ფულს უნგრეთის სამართლებრივ სისტემაზე თავდასხმისთვის და უნგრეთის წინააღმდეგ უკანონო საქმიანობას ახორციელებდა. მისივე განცხადებით, ევროკავშირი არ შეიძლება იყოს ფინანსური ქსელი, რომელიც ეროვნული მთავრობების დასუსტებისთვისაა შექმნილი.
სწორედ ოფიციალური ბრიუსელი და მათ მიერ დანიშნული პაველ ჰერნჩინსკი აფინანსებენ და მხარს უჭერენ რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, იმ ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოების გახლეჩისკენ, ურთიერთდაპირისპირებისკენ და პოლიტიკური დესტაბილიზაციისკენ მიმართულ რადიკალურ პროცესებზე არიან პასუხისმგებლები, რაც, ნებისმიერ ფასად, ხელისუფლების გადატრიალებით უნდა დასრულდეს.“ – წერს „ხალხის ძალა“.