გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: იქ იყო გოგა ონიანი, შემდეგ რომ უფლებადამცველად მოგვევლინა და გამეტებით სცემდა ჩვენს ერთ-ერთ ღირსეულ თანამებრძოლს, სოსო გიორგაძეს

იქ ისეთი ქაოსი და ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ძალიან რთული იყო იდენტიფიცირება, მე პირადად არ შემწევდა მაგის ძალა. იქ იყო გეგეჭკორი, იქ იყო გოგა ონიანი, შემდეგ რომ უფლებადამცველად მოგვევლინა, – ასე უპასუხა 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას, ეკა ზღულაძის (იმჟამინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე) გარდა, კიდევ ვინმე ხომ არ უნახავს პოლიტიკური თანამდებობის პირებიდან დიღმის პოლიციის სამმართველოსთან. ჩითარიშვილის განცხადებით, სწორედ გოგა ონიანი იყო ის პირი, ვინც გამეტებით სცემდა მათ ერთ-ერთ თანამებრძოლს, სოსო გიორგაძეს, რომელიც ამჟამად “საქპატენტის” თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. “სხვათა შორის, გოგა ონიანი გამეტებით სცემდა ჩვენს ერთ-ერთ ღირსეულ თანამებრძოლს, სოსო გიორგაძეს. ეს იყო, სანამ დერეფანს გავივლიდით. სოსო გიორგაძე ჩვენთან ერთად იყო ჩართული [პროტესტში], ერთ-ერთი აქტიური, ღირსეული ახალგაზრდა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად იყო ჩართული მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ [ბრძოლაში].” – განაცხადა გიორგი ჩითარიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება