2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის ფაქტები განიხილება მიხეილ მესხმა ისაუბრა. მიხეილ მესხის განცხადებით, მას შემდეგ რაც იგი დააკავეს დიღმის სამმართველოსთან, მოუწყვეს სირცხვილის კორიდორი და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. „მეორე დღეს წავედით დიღომში, პოლიციის სამმართველოსთან. ვიდექით მშვიდობიანად, ჩვენ გზა არ გადაგვიკეტავს, ამის კადრებიც არსებობს. მოულოდნელად რაღაც ყვირილი გავიგე უკანა მხრიდან მორბოდნენ პოლიციელები, შლაგბაუმიც უცებ აიწია და ეზოდანაც პოლიციელები გამოცვივდნენ, სასამართლოსკენ დავიწყე სირბილი, ხიდზე გადავედი თუ არა ეგრევე დამიჭირეს. დამიჭირეს და ვერცხლისფერ ფოლკსვაგენში ჩამსვეს. წამიყვანეს მოდულის შენობისკენ. გზაში ურეკავდნენ არა აქ მოიყვანე არა აქ მოიყვანეთო. არმისული ვეფხი და მოყმესთან მანქანების ბაზრობასთან გააჩერეს, საბოლოოდ არ ვიცი რა გადაწყდა მანქანა დაატრიალეს შუქნიშანთან და სამმართველოსკენ წამომიყვანეს. რომ შემიყვანეს, ფაქტობრივად, ყველა დაჭერილი ჰყავდათ უკვე, გაწმენდილი იყო იქაურობა. გადმომიყვანეს მანქანიდან, სავარაუდოდ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნები იყვნენ. ერთ-ერთ რიგით პოლიციელს გამოართვა რეზინის ხელკეტი, ააგდო, დაატრიალა, თავი დამაწევინა და ქვემოდან ხელკეტის წვეტს მირტყამდა. ბრძანეს გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო. სამმართველოს ეზოში კიბეები იყო, ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი გავთიშულიყავი. ბოლო კიბეზე როცა ავედი ვიღაც ჯანზე მყოფ ადამიანს ბეისბოლის ჯოხი ეკავა და პირდაპირ თავში დამარტყა, გავითიშესავით“,-განაცხადა მიხეილ მესხმა.