საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სამტრედიაში გამორჩეული სადღესასწაულო განწყობითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა კულტურული, სპორტული და საჩვენებელი აქტივობები. რკინიგზის სადგურის მიმდებარე სკვერში მოეწყო ადგილობრივი მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, რაც სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ნიკოლაძის მოედანზე წარიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ხოლო მომავლის სკვერში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ფალავნობასა და მკლავჭიდში.

ღონისძიებებს ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.

მოგვიანებით, ნიკოლაძის მოედნიდან ქორეოგრაფიული ანსამბლების კოსტიუმირებული მსვლელობა გაიმართა.

რკინიგზის სადგურის მიმდებარე სივრცე კი ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტს დაეთმო, რომელიც თბილ და ემოციურ გარემოში ჩატარდა.

დღის დასასრულს, ილორის იპოდრომზე გაიმართა ეროვნული ცხენოსნური სახეობების შეჯიბრებები — ცხენბურთი, მარულა და ისინდი. ასევე მოეწყო ტრადიციული დოღი სხვადასხვა დისტანციებზე, რომელსაც მრავალრიცხოვანი მაყურებელი ესწრებოდა.

შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ მხედრები როგორც სამტრედიიდან, ისე სხვა მუნიციპალიტეტებიდან, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ღონისძიების მასშტაბსა და შინაარსს. იპოდრომზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი მაყურებელი ინტერესით ადევნებდა თვალს შთამბეჭდავ ასპარეზობებს.

ცხენოსნურ შეჯიბრებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკანიანი შეუერთდა.

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ასევე, ცხენოსნობის ეროვნული სახეობების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ეროვნული ცხენოსნობა სამტრედიის იპოდრომის დირექტორს, პავლე კაპანაძეს.
სიგელი მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება